ლაგუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარა-ბოღაზ-გოლის ყურე-ლაგუნა
მარ-მენორი

ლაგუნა (იტალ. laguna < ლათ. lacus — ტბა) — ზღვის ან ოკეანის წყალმარჩხი აუზი, რომელიც ზღვას უერთდება ვიწრო სრუტით, ან მისგან გამოყოფილია ფსკერული ნატანის ზვინულით — ბარით, ცელათი ან სანაპიროს სხვა აკუმულაციური ფორმით. ღია ზღვასთან შედარებით ლაგუნაში წყალი მეტად ან ნაკლებად მარილიანია, გროვდება სპეციფიკური ლაგუნური ნალექები და განსხვავებული ფლორა და ფაუნა. ლაგუნა ჩვეულებრივი სანაპირო წარმონაქმნია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ადგილას.[1][2]

ბარით გამოყოფილი ლაგუნა, წარმოქმნის სანაპიროს პარალელურად გადაჭიმულ ჯაჭვს, რითაც იქმნება ლაგუნური ტიპის სანაპირო — ინგრესიული ტიპის ნაპირი, რომლის სანაპირო ხაზი ღია ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ბარებით, ან მარჯნის რიფებით, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ ლაგუნების მწკრივს წარმოქმნის. ლაგუნური სანაპირო შეიძლება რამდენიმე ათას კმ-ზე გრძელდებოდეს. ასეთი ნაპირები გავრცელებულია შავი ზღვის ჩრდილოეთ და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე.[3]

ლაგუნური ნალექები მარილიანი ან გამტკნარებულწყლიანი ნალექებია, რომელიც ძირითადად მდინარის მიერ მოტანილი წვრილმარცვლოვანი ქვიშები, ალევრიტები და თიხებია. წარმოადგენს წყალმარჩხ, ჩაკეტილ, ან ნახევრადჩაკეტილ აუზებში (ლაგუნებში) დალექილ მასალას. ლაგუნური ნალექებისთვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული შრეებრივობა. მტკნარ ლაგუნებში ნალექები ქვიშიან-თიხიანი ნაფენებითაა აგებული, მათში ხშირია ტორფისა და საპროპელის შუაშრეები, მლაშე აუზებში წარმოდგენილია კარბონატული და ჰალოგენური წარმონაქმნები (სხვადასხვა მარილები, თაბაშირი, ანჰიდრიდი).[4][5]

ორი შემხვედრი ნაკად-ნატანის შეერთების ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სამკუთხედი ფორმის ლაგუნა. იზოლაციის შესაბამისად, წყლის შედგენილობა ლაგუნაში ზღვასთან შედარებით განსხვავებულია. მარჯნის ლაგუნები წრიული მარჯნის რიფების შიგნით წარმოიქმნება. მათი ზომები დიამეტრში მერყეობს რამდენიმე კილომეტრიდან ათეულ კილომეტრამდე. მარჯნული ლაგუნა თუკი ზღვიდან გამოყოფილია ბარიერული მარჯნული რიფით შეიძლება გადაჭიმული იყოს ნაპირის გასწვრივ. მუდმივად ან მოქცევების დროს მარჯნული ლაგუნა ზღვას უკავშირდება მრავალრიცხოვანი სრუტით. მარჯნული ლაგუნის შიგნით არსებული წყალი როგორც წესი, ზღვის წყლისგან არ განსხვავდება, ვინაიდან მუდმივ განახლებას განიცდის.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Лагуна | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  2. Lagoon | Encyclopedia Britannica
  3. 3.0 3.1 География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006
  4. Лагунные отложения | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-25. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  5. Лагунные отложения | Горная энциклопедия