შინაარსზე გადასვლა

გაზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The New York Times-ის გარეკანი, 1918 წლის 11 ნოემბერი

გაზეთი (<იტალ. gazzetta — „გაძეტა“ — ვენეციური წვრილი მონეტა) — პერიოდული ბეჭდვითი გამოცემა, რომელშიც იბეჭდება ოპერატიული მასალა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ-საწარმოო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მოვლენებზე. მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის, აგრეთვე პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება.

სხვა პერიოდული გამოცემებისაგნ გაზეთი განსხვავდება ფორმატით, მოცულობით, გამოცემის სიხშირით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, კვირაში რამდენჯერმე და ა. შ.); ბეჭდილი მასალის ფორმებისა და ჟანრების მრავალფეროვნებით გაზეთში იბეჭდება ინფორმაცია, ანგარიში, ინტერვიუ, რეპორტაჟი, ჩანახატი, კორესპონდენცია, სტატია, წერილი, ნარკვევი, მიმოხილვა, რეცენზია, ფელეტონი, პამფლეტი, ლიტერატურულ-მხატვრული ნაწარმოები და სხვა. გაზეთის რედაქციის აპარატში შედის: მთავარი რედაქტორი, განყოფილებების გამგეები, რედაქტორები, სხვადასხვა პროფილის ლიტერატურის მუშაკები (რეპორტიორები, კომენტატორები, მიმომხილველები, ფელეტონისტები და სხვ.). ბევრ გაზეთს ჰყავს სპეციალური კორესპონდენტები აგრეთვე საკუთარი კორესპონდენტები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.

ინფორმაციის შეკრება და გავრცელება ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო (ცალკეული ცნობების გადაცემა ზეპირად ან წერილობით ძველ ეგვიპტეში; განცხადებების დაფები – ძველ რომსა და ჩინეთში, ბიულეტენები იულიუს კეისრის ეპოქის რომში). სიტყვა „გაზეთი“ წარმოიშვა ვენეციური წვრილი ვერცხლის ფულის „გაძეტას“ სახელწოდებიდან. XVI საუკუნის ვენეციაში სპეცეციალური ბიურო უშვებდა ხელნაწერ საინფორმაციო ფურცლებს, რომელთა ფასიც იყო წვრილი ფული – „გაძეტა“ (ვენეციაში დღესაც გამოდის გაზეთი „გაძეტინოს“ სახელწოდებით). ტერმინი ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც 1631 წელს ფრანგმა ტ. რენოდომ პარიზში დააარსა პერიოდული გამოცემა „La Gazette“. სხვადასხვა ენაში გაზეთის ცნებას სხვა ტერმინებიც გამოხატავს: journal (ფრანგ.), newspaper (ინგლ.), zeitung (გერმ.) და სხვა. ევროპაში პირველი, შედარებით რეგულარული გაზეთები გამოვიდა XVII საუკუნის I ნახევარში (სტრასბურგში – 1609; ლონდონში – 1622; პარიზში – 1631; იტალიაში – 1639-1646). საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაში გამოდიოდა საყოველთაოდ ცნობილი გაზეთები: მარატის „ამი დიუ პეპლი“ („Ami du peuple“, 1789-1792) და ებერის „ლე პერ დიუშენი“ („Le Père Duchesne“, 1790-1794). გაზეთების როლი საზოგადოების ცხოვრებაში თანდათან იზრდებოდა. უკვე XIX საუკუნეში თითოეული ძლიერი პოლიტიკური მიმდინარეობა ცდილობდა საკუთარი გაზეთი ჰქონოდა. მაგალითად, თავისი გაზეთები ჰქონდათ ჩარტისტებს (ამ გაზეთებში ზოგჯერ თანამშრომლობდნენ, კ. მარქსი და ფ. ენგელსი), 1848-1849 წლებში გამოდიოდა „ახალი რაინის გაზეთი“ („Neue Rheinische Zeitung“), რომლის რედაქტორი იყო კ. მარქსი.

გაზეთი „კოლოკოლი“ 1857 წ.

რუსეთში პირველი ხელნაწერი გ. გამოვიდა 1621 წელს. ეს იყო „ვესტოვიე პისმა, ილი კურანტი“. 1702 წლიდან პეტრე I-ის ბრძანებით დაიწყო ნაბეჭდი გაზეთის „ვედომოსტის“ გამოცემა. ყველაზე გავრცელებული გაზეთები იყო „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“ (1728), „მოსკოვსკიე ვედომოსტი“ (1756), „სევერნაია პოჩტა“ (1809) და სხვა. ფართოდ განვითარდა პროვინციული პრესაც. 1900 წელს რუსეთში გამოდიოდა 125 გაზეთი მ. შ. ყველაზე გავრცელებული ორგანოს ტირაჟი 100 ათ. ც. უდრიდა. 1866 წელს შეიქმნა პირველი რუსული ეროვნული საინფორმაცისო სააგენტო – РТА. საგაზეთო საქმის განვითარებას რუსეთში დიდად აფერხებდა მეფის მთავრობის რეაქციული პოლიტიკა, სასტიკი ცენზურა. ამიტომ XIX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულიდან დაიწყო რევოლუციური გაზეთების გამოცემა ემიგრაციაში. მათგან აღსანიშნავია ა. გერცენის და ნ. ოგარიოვის „კოლოკოლი“ (1857-1865, ლონდონი; 1865-1867, ჟენევა); I ინტერნაციონალის რუსეთის სექციის ორგანო „ნაროდნოე დელო“ (1870, ჟენევა), ხალხოსნური „რაბოტნიკი“ (1875-76, ჟენევა) და სხვები. ხალხოსნებმა თვით რუსეთშიც დაიწყეს არალეგალური გაზეთების გამოცემა: „ნაჩალო“ (1878), „ზემლია ი ვოლია“ (1878-1879) და სხვა.

ქართულ ენაზე პირველი გაზეთი — „საქართველოს გაზეთი“ 1819 წელს გამოვიდა (1820 წლიდან — „ქართული გაზეთი“ ეწოდა). 1828-1832 წლებში გამოდიოდა „ტფილისის უწყებანი“, ხოლო XIX საუკუნის II ნახევრიდან იწყება ქართული ეროვნული პრესის ძალუმი განვითარება. ამ პერიოდში გამოიცა გაზეთები „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვები, რომლებმაც დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი სალიტერატურო ენის განვითარებაში, ჟურნალისტურ-პუბლიცისტური სკოლისა და ტრადიციების ჩამოყალიბებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებაში.

პირველი მუშური სოციალ-დემოკრატიული გაზეთები რუსეთში XIX საუკუნის დასასრულს გამოჩნდა. 1885 წელს პეტერბურგში პარალელურად გამოვიდა გაზეთი „რაბოჩი“, 1897 წელს კიევში – „რაბოჩაია გაზეტა“, ამავე წელს პეტერბურგში – პირველი ნომერი „სანკტ-პეტერბურგსკი რაბოჩი ლისტოკისა“, რომლის მეორე ნომერი გამოიცა საზღვარგარეთ. პირველი საერთო რუსული პოლიტიკური მარქსისტული გაზეთი იყო „ისკრა“. იგი 1900 წლის დეკემბერში საზღვარგარეთ გამოსცა ვ. ი. ლენინმა (რუსეთში „ისკრა“ არალეგალურად ვრცელდებოდა). ბოლშევიკური პრესის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ლენინურმა არალეგალურმა გაზეთებმა „ვპერიოდმა“ (1904-1905), „სოციალ-დემოკრატმა“ (1908-1917); ლეგალურმა ორგანოებმა: „ნოვაია ჟიზნმა“ (1905), „ვოლნამ“, „ეხომ“ (1906). რუსეთის პროლეტარიატის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყო მუშათა მასობრივი პოლიტიკური გაზეთ „პრავდის“ გამოცემა 1912 წლის 5 მაისს.

საქართველოში ლენინურ-ისკრული მიმართულების პირველი გაზეთი იყო „ბრძოლა“ (1901). 1903 წელს იგი გაერთიანდა გაზეთ „პროლეტარიატთან“ და გამოვიდა „პროლეტარიატის ბრძოლის“ სახელწოდებით (ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე). პირველი ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი ამიერკავკასიაში იყო „კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკი“ (1905) რუსულ ენაზე; ქართული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთებიდან აღსანიშნავია „ახალი ცხოვრება“ (1906), „ახალი დროება“ (1906-1907) და სხვ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა გაზეთების, ისევე როგორც მთელი ბეჭდვითი სიტყვის, საქმიანობა კომუნისტური პარტიულობის პრინციპებს ეყრდნობოდა. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე პარტია შეუდგა პარტიულსაბჭოთა გაზეთების ფართო ქსლის შექმნას. ცენტრალური გაზეთების „პრავდისა“ და „იზვესტიის“ განმტკიცებასთან ერთად, პარტიის ცკ-მა და საბჭოთა მთავრობამ გამოსცა ახალი ცენტრალური გაზეთები: „გაზეტა ვრემენნოგო რაბოჩეგო ი კრესტიანსკოგო პრავიტელსტვა“ (1917-1918), „რაბოჩაია ი კრესტიანსკაია კრასნაია არმია ი ფლოტი“ (1917-1918) და სხვები. სოციალისტური მშენებლობის წლებში სულ უფრო და უფრო მატულობდა გაზეთების რაოდენობა, იზრდებოდა ტირაჟი. 1940 წელს სსრკ-ში გამოდიოდა 8806 გაზეთი. მათი ერთჯერადი ტირაჟი იყო 38.4 მლნ. ცალი. დიდი სამამულო ომის წლებში არმიასა და ფლოტში გამოდიოდა 800-მდე გაზეთი, რომელთა რთჯერადი ტირაჟი იყო 3 მლნ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პარტიზანულ და არალეგალურ გაზეთებს რომლებიც მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოდიოდა. 1943 წლისთვის მათი რიცხვი 270-ს აჭარბებდა ომის შემდგომ წლებში დაარსდა მრავალი ახალი გაზეთი. გაიზარდა ბევრი გაზეთის მოცულობა, ფორმატი და პერიოდულობა.

საბჭოთა კავშირში იყო გაზეთების შემდეგი ჯგუფები: ა) საკავშირო ცენტრალური საერთოპოლიტიკური („პრავდა“, „იზვესტია“, „კომსომოლსკაია პრავდა“, „სელსკაია ჟიზნი“, „სოციალისტიჩესკაია ინდუსტრია“, „ტრუდი“ და სხვა.); ბ) საკავშირო ცენტრალური დარგობრივი და სპეციალიზებული („კრასნაია ზვეზდა“, „ეკონომიჩესკაია გაზეტა“, „ლიტერატურნაია გაზეტა“, „მედიცინსკაია გაზეტა“, „გუდოკი“, „უჩიტელსკაია გაზეტა“ და სხვები.); გ) ადგილობრივი საერთო-პოლიტიკური მასობრივი (რესპუბლიკური, სამხარეო და საოლქო); დ) ადგილობრივი, დარგობრივი და სპეციალიზებული; ე) საქალაქო; 3) რაიონული; ზ) ძირეული პრესა (მრავალტირაჟიანი გაზეთები).

  • გაგოშიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 624-625.
  • ბაქრაძე გ., ქართული პერიოდიკა. 1819-1945. ბიბლიოგრაფია, თბ., 1946;
  • გაგოშიძე შ., საბჭოთა პრესის ლენინური პრინციპები, თბ., 1990;
  • გუგუშვილი პ., ქართულილი ჟურნალისტაკა, ტ. 1, თბ., 1941.