სიერა-ლეონე
| სიერა ლეონეს რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ჰიმნი: ინგლ. High We Exalt Thee, Realm of the Free | ||||||
| დედაქალაქი და | ფრიტაუნი 8°31′ ჩ. გ. 13°15′ დ. გ. / 8.517° ჩ. გ. 13.250° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | ჯულიუს მაადა ბიო | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 71 740 კმ2 (119-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 1,0 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2005 შეფასება | 5 525 000 (107-ე) | ||||
| - | 2000 აღწერა | 5 426 618 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 77 კაცი/კმ2 (112-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2005 შეფასება | |||||
| - | სულ | $4.921 მილიარდი (151-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $903 (172-ე) | ||||
| აგი (2007) | 0.336 დაბალი · 177-ე |
|||||
| ვალუტა | ლეონი (SLL) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 232 | |||||
| ISO 3166 კოდი | SLE | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .sl | |||||
სიერა-ლეონე (ინგლ. Sierra Leone), ოფიციალურად სიერა-ლეონეს რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Sierra Leone) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ესაზღვრება ორი სახელმწიფო გვინეა და ლიბერია. ფართობი — 72 ათ. კმ². დედაქალაქი — ფრიტაუნი.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს ლეონე-ლიბერიის მაღლობს (მთა ბინტიმანი 1948 მ), ჩრდილოეთით შემოჭრილია ფუტა-ჯალონის მასივის შტოქედები, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის, ტიტანის, რუტილის მადანი, ალმასი, ბოქსიტი. ჰავა ეკვატორულია. სანაპიროზე ყველაზე ცივი თვის (აგვისტო) საშუალო ტემპერატურაა 24 °C, ყველაზე ცხელისა (აპრილი) - 27 °C. ნალექები მთაში 4000 მმ-ზე მეტია წელიწადში. ქვეყნის შიგა ნაწილში საშუალო თვიური ტემპერატურები რამდენადმე დაბალია, ნალექები 2000-2500 მმ წელიწადში. მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეებია კაბა, როკელე, ჯონგი, სევა, მოა. ნიადაგები უმთავრესად წითელ-ყვითელი ფერალითურია, სანაპიროზე - ჭაობისა და ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით 5 %-ზე შემორჩენილია ნოტიო მარადმწვანე და ფოთოლმცვივან-მარადმწვანე ეკვატორული ტყე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მაღალბალახოვანი სავანაა, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - მეორეული ბუჩქნარი.
ცხოველთა სამყარო ძლიერაა განადგურებული. შემორჩენილია მაიმუნი, ანტილოპები, ჯიქი და სხვა. ბევრია ფრინველი და მწერი (მათ შორის ბუზი ცეცე).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის უძველესი დასახლებები სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე პალეოლითის პერიოდს განეკუთვნება. XV საუკუნეში ჩაისახა ფეოდალური ურთიერთობა. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გვაროვნულ-ტომობრივი კავშირები, შემორჩენილი იყო მონობაც. 1462 წელს ესპანელი ზღვაოსანი პედრუ დი სინტრა მოადგა ამ ქვეყნის სანაპიროს და მას სიერა-ლეონი (სიტყვასიტყვით - ლომის მთები) უწოდა. XVI საუკუნიდან სიერა-ლეონეში ჩადიან ინგლისელები. 1808 წელს სანაპირო ნაწილი დიდი ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა. 1896 წელს სიერა-ლეონეს კოლონიის მომიჯნავე ქვეყნის ყველა შიდა რაიონი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა, შემოიღეს ირიბი მმართველობის სისტემა. XIX საუკუნის ბოლოდან ინგლისელებმა დაიწყეს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების (ძვირფასი ჯიშის ხე-ტყე, მიწის თხილი, პალმის ზეთი) ექსპლუატაცია. XIX საუკუნის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ (1898 წლის ბაი ბურეს აჯანყება).
მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ კაპიტალური ურთიერთობის განვითარებამ სიერა-ლეონეში გამოიწვია მუშათა კლასისა და მოსამსახურეთა რიცხობრივი ზრდა. ჩაისახა ეროვნული ბურჟუაზია. 40-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა პირველი პროფკავშირები, ხოლო 50-იან წლებში სხვადასხვა საზოგადოება და პოლიტიკური პარტია. 1951 წელს დაარსდა სიერა-ლეონეს სახალხო პარტია (სლსპ), რომელიც მოითხოვდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში აფრიკელთა მონაწილეობის გაფართოებასა და რეფორმების გატარებას, მოგვიანებით სიერა-ლეონეს დამოუკიდებლობას გაერთიანებულ სამეფოსთან კავშირის შენარჩუნებით. 50-იან წლებში მოეწყო მუშათა და გლეხთა მასობრივი გამოსვლები. ბრიტანელი ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. 1957 წლის მაისში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. შეიქმნა მთავრობა სლსპ-ის ლიდერის მ. მარგაის მეთაურობით. 1961 წლის 27 აპრილს სიერა-ლეონე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში. 1961 წლის სექტემბერში სიერა-ლეონე გაეროში მიიღეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 327-328.

| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||
| ||||||||||||||||||||

