თევზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თევზი)
ტერმინს „თევზები“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თევზები (მრავალმნიშვნელოვანი).
თევზები
აღწერა
ცხოველთა პარაფილეტური ჯგუფი
სამეცნიერო სახელი
Pisces (Linnaeus, 1758)
მშობლიური ტაქსონი
ყბიანები
კლასები
სურათები ვიკისაწყობში
Fish ვიკისახეობებში

თევზები — წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებრი სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით (ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებრი (ზღარბთევზა) ან თასმისებრია (ქაშაყთმეფე).

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზის ელექტრული ორგანოები, ხოლო უმრავლესობის — ძვლოვანი. ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.

თევზების ჯგუფი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიოში თევზების დაახლოებით 34 300 სახეობაა აღწერილი, თუმცა ყოველწლიურად კვლავ ხდება 250-მდე ახალი სახეობის აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ოკეანეებში წყლის მოცულობა 10 000-ჯერ აღემატება მსოფლიოს მტკნარ წყლებს, მასში თევზების სახეობათა 58% ბინადრობს, მტკნარ წყლებში თევზთა სახეობების 41%-ია, ხოლო 1% ანადრომულ ცხოვრების წესს ეწევა, რაც ოკეანის მარილიანი წლებიდან მტკნარი წყლებისკენ, ან პირიქით მუდმივ მიგრაციას გულისხმობს.

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემურია; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]