შინაარსზე გადასვლა

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

შენობა 1850-იან წლებში
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი კლასიციზმი
ქვეყანა საქართველო
მდებარეობა ქუთაისი
მისამართი ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ. №6, ქუთაისი[1]
კოორდინატები 42°16′13″ ჩ. გ. 42°42′05″ ა. გ. / 42.27028° ჩ. გ. 42.70139° ა. გ. / 42.27028; 42.70139
დაიწყო 1901
გაიხსნა 1903
არქიტექტორ(ებ)ი ი. ლუკაშევი

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია — ისტორიული სასწავლებელი ქალაქ ქუთაისში.

შეიქმნა 1878 წელს, საგუბერნიო გიმნაზიის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ 1830 წელს დაარსდა როგორც სამაზრო სასწავლებელი. სასწავლებელი თავდაპირველად პოლკოვნიკ წერეთლის სახლში იყო განთავსებული. 1850 წელს სასწავლებელი საგუბერნიო ვაჟთა გიმნაზიად გადააკეთეს და 1851-54 წლებში მისთვის არქ. ენფიაჯიევის პროექტით, ოქროს ჩარდახის სიახლოვეს დიდი ორსართულიანი შენობა ააგეს (დღევანდელი რუსთაველის ქუჩისპირა კორპუსი).

გაზრდილი სასწავლებლისთვის 1901-03 წლებში არქ. ი. ლუკაშევის (პიატიგორსკისა და ნოვოროსიისკის გიმნაზიების ნაგებობათა ავტორი) პროექტით კიდევ ერთი დიდი შენობა აიგო (დღევანდელი ცისფერყანწელთა ქუჩისპირა კორპუსი). 1918 წელს კლასიკური გიმნაზიის გაუქმების შემდეგაც შენობებს ფუნქცია არ შეუცვლია.

გიმნაზიის ძველი კორპუსი დღეს ძლიერ სახეცვლილია: 1960-იან წლებში მას მესამე სართული დააშენეს და იმპოზანტური, კლასიცისტური პორტიკიანი ფასადი მოარღვიეს.

გიმნაზიის ახალი, ძირითადი კორპუსი ხაზგასმული მონუმენტურობით გამოირჩევა და კლასიცისტური ელემენტებითაა შემკული. ღიობთა თანაბარი რიტმით დანაწევრებული ფასადის შუა ნაწილს მძლავრი რიზალიტები ემიჯნება. ნაგებობის დომინანტს მარჯვენა, განიერი და მაღალი, პორტიკიანი რიზალიტი წარმოადგენს. მისი მეორე სართული გიგანტური (დიდი თაღოვანი და მცირე სწორკუთხა) სარკმლებითაა გახსნილი. ფასადს გიგანტური კორინთულკაპიტელიანი პილასტრები, მეანდრის სალტე და ნიშაში ჩადგმული კრატერი ამშვენებს. აღსანიშნავია კიდეში მოთავსებული პორტიკის რუსტირებული ბურჯები, ზედა სართულის გიგანტური კორინთული სვეტები და უხვად მორთული, რთული ფორმის ფრონტონი, სადაც გირლანდამოვლებულ ფარზე ნაგებობის თარიღია გამოკვეთილი.

გიმნაზიის მოსწავლეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ: კირილე ლორთქიფანიძე, მამია გურიელი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, სილოვან ხუნდაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, იოსებ ოცხელი, დუტუ მეგრელი, კიტა აბაშიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოლაუ ნადირაძე, სარგის კაკაბაძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, დავით კაკაბაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვ.

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: ქუთაისი", 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0
  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.