ზურაბ ავალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავალიშვილი.
ზურაბ ავალიშვილი
ZurabAvalishvili.jpg
დაბ. თარიღი 1876[1]
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 21 მაისი 1944(1944-05-21)
გარდ. ადგილი მიუნხენი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (დ. 1874, თბილისი — გ. 21 მაისი, 1944, შვარცენფელდი, გერმანია) — ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1909), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (1893) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1898) და იქვე დარჩა აკადემიური კარიერის გასაგრძელებლად. 1902-1904 წლებში მივლინებული იყო საფრანგეთში. 1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "„საქართველოს შეერთება რუსეთთან“. 1904 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია („დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე“). 1907-1909 და 1912-1913 წლებში იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. აღნიშნულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იგი 1913 წლის ჩათვლით. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. გარდა ამისა, ავალიშვილი ხელმძღვანელობდა პეტერბურგში ცნობილი გაზეთის „რუსსკაია მოლვა“ საერთაშორისო განყოფილებას. იგი ასევე იყო პეტერბურგის გამომცემლობის „ოგნი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად.

დამოუკიდებელ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იმავე ხანებში ავალიშვილი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (საზოგადოებას და ხსენებული რკინიგზის მშენებლობას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძის დის შვილი, გენერალი კოტე აფხაზი).

1918 წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე (1918-1921) ზურაბ ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე.

სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს.

ზურაბ ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს წამყვანი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“.

1919 წელს ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა პარიზის კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა: ინგლის-სომხეთის გეგმამ ფიასკო განიცადა.

ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).

ოკუპაციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზურაბ ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდის მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის" საკითხები“ (პარიზი, 1921), „თეიმურაზ I და მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ (პარიზი, 1938), „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (რუსულ ენაზე, პარიზი, 1924; თბილისი, 1990) და სხვა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ 1944 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი „საქართველოს ისტორია“. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის კვალი ჯერ-ჯერობით მიკვლეული არ არის.

პოლიტიკურ ასპარეზზე იგი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში (1942 წელს). 1941 წელს მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა „ქართული სამოკავშირეო შტაბი“, რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისაგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი.

ზურაბ ავალიშვილი გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს. 1944 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Авалов Зураб. Присоединение Грузии к России. СПб., 1901 (Repr. New York: Chalidze Publications, 1981)
  • Авалов Зураб. Областные сеймы (федерализм. Отт. из кн. "Конституционное государство". Сб. ст. Изд. I. СПБ. 1905, с. 273-312
  • Авалов Зураб. Независимость Грузии в международной политике 1918-1921 г.г.: Воспоминания. Очерки. - Париж, 1924
  • ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929 (მე–2 გამ. თბ., 1989)
  • ზურაბ ავალიშვილი, სოციალისტური პროპაგანდის წარმატება საქართველოში / ზურაბ ავალიშვილი ; თარგმნ. დ. აბაშიძემ // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2008. - აგვისტო. - N16(68). - გვ.2-4
  • ზურაბ ავალიშვილი, "საქართველოს დამოუკიდებლობის" წინასიტყვაობა: ერი და ბედისწერა; ინგლ. თარგმნა დ. აბაშიძემ // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN: 1987-7730
  • ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, მოგონებები, ნარკვევები, თბ., 1990 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა და მასწავლებელთა სია 1819 წლიდან 1915 წლამდე, პეტერბურგი, 1916 (რუსულ ენაზე), გვ. 23.
  • გ. პაიჭაძე. რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბილისი, 1960, გვ. 4-5.
  • М. Гиоргидзе. Грузины в Петербурге, Тбилиси, 1976, стр. 179-181.
  • შ. ბადრიძე, შ. ცირეკიძე. ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 60-61.
  • შარაძე გ. ზურაბ ავალიშვილი, მის წიგნში: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბილისი, 1991.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • მეგი გიორგაძე, ზურაბ ავალიშვილი (შტრიხები პორტრეტისათვის) // ცხოვრება და კანონი: საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. თბ., 2008. - ISSN: 15 12-33-08. N1. გვ.71-73. რეზიუმე ინგლ. ენაზე
  • თარხნიშვილი გ., ბადრიძე შ., იმედაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 115, თბ., 1975

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. International Standard Name Identifier