ზემო ალვანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ალვანის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ზემო ალვანის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძმები გიგაურების მიერ. ეკლესია დარბაზულია (10,5 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელები, სარკმლები, საბჯენი თაღები, კამარა და კონქი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი. შენობა შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. იატაკზე აგურია მოგებული. ეკლესიაში შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და შიგნიდან ღრმა სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ისრული თაღით გადახურული თითო ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის ძირის დონეზე სამსაფეხურიანი თაროა მოწყობილი. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია და წინიდან ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. საკურთხევლის შუაში კუბური ფორმის ტრაპეზი დგას. საკურთხეველი გადახურულია ტლანქად ნაწყობი კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის კამარას დეფორმირებული ნახევარწრის ფორმა აქვს და ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი დასავლეთ კუთხეებში გამოყვანილ პილასტრებზეა გადაყვანილი, ხოლო მეორე დარბაზის შუა ნაწილშია და პატარა კონსოლებს ეყრდნობა. გარედან ეკლესიის დასავლეთ შესასვლელი ოდნავ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. კარის თავზე ქვიშაქვის კვადრატული ფილაა - მხედრული სამშენებლო წარწერით, ხოლო ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოყვანილია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული და წითლად შეღებილი დაბალი ჯვარი. მსგავსი, მაგრამ გაცილებით მაღალი ჯვარია აღმოსავლეთ ფასადზე - სარკმლის ზემოთ. ეკლესიას აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს. გადახურულია კრამიტით. დასავლეთ კედელზე დაშენებულია ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი და თუნუქის პირამიდული სახურავით დასრულებული სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]