ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია (უტო)
ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას უტოს უბანში. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები - აგურით. კედლები გარედან მოპირკეთებულია აგურის, ნატეხი ქეიშაქვისა და კარგად გათლილი შირიმის ფილების კომბინირებული წყობით. ინტერიერი შელესილია. დროთა განმავლობაში ეკლესია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, რის გამოც თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ამჟამად დასავლეთ (ნაწილობრივ) და სამხრეთ (მთლიანად) ფასადები ნაგებობებითაა დაფარული.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთ კედლის ღერძზეა გაჭრილი, ორი - გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში, ერთმანეთის სიმეტრიულად. სამივე შესასვლელი თაღოვანია და შიგნიდან გადახურულია ქვის არქიტრავით. არქიტრავების ზემოთ კარის ღიობის სიგანის თითო თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, შეისრულთაღოვანი თითო ღრმა სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. სამხრეთ ნიშს, რომელიც იატაკიდან იწყება, ხის კარი აქვს. კანკელი ხის ყოფილა (შემორჩენილია ერთი ძელი). დარბაზის სამივე კედელში თითო შეისრულთაღოვანი სარკმელია, გრძივი კედლების სარკმლების ქვეშ - თითო თაღოვანი ნიში. გრძივი კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კუთხეებში თითო მარტივი პილასტრია. რომლებსაც შეისრული ფორმის საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრულია კამარაც.
ფასადებზე სამივე შესასვლელი ჩასმულია მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეში. რომელიც დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ფრიზით. დასავლეთ კარის თავზე მცირე სწორკუთხა ნიშია, რომლის ორივე მხარეს აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია ერთ ვერტიკალზე განლაგებული ორ-ორი რომბი და თითო სამკუთხედი. ჩრდილოეთ კარის თავზე და განივი კედლების ფრონტონებში თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. დასავლეთ კედელზე დაშენებულია გეგმით კვადრატული და ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი აგურის ვიწრო სამრეკლო. განივ ფასადებზე შემორჩენილია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნის მცირე ნაწილები. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 40.