ზემო ხოდაშნის ეკლესიები
ზემო ხოდაშნის ეკლესიები — ეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში.
პირველი ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 3-3,5 კილომეტრზე, ხევის პირას, მთის ბუნებრივად მოვაკებულ ფართობზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (13,2 X 10,8 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. კუთხეებში შირიმის კარგად გათლილი კვადრებია გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. რამდენიმეჯერ შეუკეთებიათ, რის გამოც თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. გვიანდელი შეკეთების დროინდელი წყობა ტლანქია. შუა ეკლესიაში შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე შესასვლელი შიგნით თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. სამხრეთ შესასვლელის ღიობი შეკეთების დროს დაუვიწროვებიათ. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ერთი სარკმელია, თავდაპირველად იგი ნალისებრი თაღით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ჩრდილოეთ წირთხლი და თაღის ქუსლის ნაწილი). მოგვიანებით სარკმელი დაუვიწროვებიათ და ახალი თაღით გადაუხურავთ. აფსიდის სამხრეთ ნახევარში ერთი მცირე ნიშია. საკურთხეველი გადახურულია ტლანქად ნაწყობი კონქით, რომელიც ისევე როგორც კამარა (შემორჩენილია მცირე ნაწილი), გვიანდელია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი განიერ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა (შემორჩენილია თაღის ქუსლების წყობის თითო რიგი). დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელი (ამოშენებულია) ყოფილა, ხოლო ჩრდილოეთ კედელში - სწორკუთხა ვიწრო კარი (ამოშენებულია). ამ კარით შუა ეკლესია საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე სათავსს, სამკვეთლოს უკავშირდებოდა. სამკვეთლოს თავდაპირველი კედლებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. მისი კამარა და კედლები მოგვიანებით განუახლებიათ. სამკვეთლო განათებული ყოფილა აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა სარკმლით (გვიანდელია), რომელიც კედლის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთითაა გადაადგილებული. სამკვეთლოზე დასავლეთიდან, მთელ სიგანეზე, სწორკუთხა სათავსია მიშენებული. მშენებლობის დროს გაუნგრევიათ სამკვეთლოს დასავლეთ კედელი და ორივე სათავსი გაუერთიანებიათ. დასავლეთის მინაშენს დასავლეთიდან ვიწრო და მაღალი სწორკუთხა შესასვლელი აქვს. მინაშენი გადახურულია სხმული კამარით, რომლის სამხრეთ ქუსლი ეყრდნობა შუა ეკლესიის კედელზე მიშენებულ ორ ფართო თაღს, ხოლო ჩრდილოეთისა - შესაბამის კედელს. სამხრეთ ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. აფსიდის კონქს კარგად გათლილი შირმით ნაწყობი თაღი ჰქონია, რომელიც შირიმისავე პროფილირებულ (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა (შემორჩენილია თაღის ჩრდილოეთ ქუსლით ერთი და ჩრდილოეთ იმპოსტი). ნავის კამარა რიყის ქვით ყოფილა ნაგები. კამარის წყობის მცირე ნაწილი შუა ნავის სამხრეთ კედელს შემორჩა. სამხრეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში შირიმის ფილებით ნაგები და გეომეტრიული ორნამენტით მორთული, ორი საფეხურით შეღრმავებული დეკორატიული თაღი (დანგრეულია) ყოფილა გამოყვანილი. სამხრეთ ეკლესიის დასავლეთ ნაწილი და დასავლეთ გარშემოსავლელი ერთდროულადაა აგებული. სამხრეთ ეკლესია გარშემოსავლელისაგან გამიჯნულია განივი კედლით, რომელშიც ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ გარშემოსავლელი ერთმანეთისაგან საბჯენი თაღებით გამიჯნული სამი ნაწილისაგან შედგება. სამივე ნაწილს თავისი დამოუკიდებელი კამაროვანი გადახურვა აქვს. შუა ნაწილის კამარის თავზე პატარა კამაროვანი სამალავია მოწყობილი. გარშემოსავლელის შუა და ჩრდილოეთ ნაწილი დასავლეთით თითო თაღითაა გახსნილი, რომელთაგანაც შუა ნაწილის თაღი გაცილებით უფრო ფართო და მაღალია. გარშემოსავლელი ორფერდა სახურავითაა გადახურული. შუა ეკლესიის სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის თაროსებრი ლავგარდნის ორი ქვა.
მეორე ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ვაკეზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილი კედლები მხოლოდ 1,5-1,8 მეტრის სიმაღლეზე დგანან. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ღრმა აფსიდაა, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული ერთი ვიწრო სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს კედელში, მიწის დონიდან 0,3-0,4 მეტრის სიმაღლეზე, თითო პატარა ქვევრია ჩადგმული. საკურთხეველი გადახურული ყოფილა კონქით. დარბაზი კვადრატულია. ჩრდილოეთ კედელში ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია, რომლის ზემოთ შემორჩენილია სარკმლის აღმოსავლეთ წირთხლი და ბრტყელი გადახურვის ერთი ქვა. დარბაზს კამაროვანი გადახურვა ჰქონია.
მესამე ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესამე ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 9 კილომეტრზე, ნასოფლარ ბაკანის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და აგურით. კედლების ქვედა ნაწილი ძირითადად ნატეხი ქვისაა, ზედა ნაწილი და კონქი - აგურის. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი და დასავლეთ კედელი, მაგრამ მათაც წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლიათ. გრძივი კედლები (სიმ. 1,2-1,4 მ) გარედან მიწით არის დაფარული. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიშია. აფსიდა გადახურულია წესიერი ფორმის კონქით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ.; კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 90-91.