მატნის ბერების საყდარი
მატნის ბერების საყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით 4,5 კილომეტრზე, ცხრაკარას მონასტრის მახლობლად, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,5 X 3,8 მ), რომელსაც სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, ვიწრო მინაშენი ეკვრის. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის სახურავის საფარი და საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, კონქი და კამარის ჩრდილოეთ გვერდი გაბზარულია, მინაშენის შემორჩენილი კედლები მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. შენობა ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. აფსიდის მხრები შირიმითაა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ვიწრო და მაღალი თითო სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. საკურთხეველი დარბაზისგან აგურით ნაგები კანკელითაა გამოყოფილი. დარბაზის სამხრეთ კედელში, შესასვლელთან ახლოს, ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 103.