შახვეტილის კვირაცხოვლის ეკლესია
შახვეტილის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ შახვეტილას განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება VII-VIII საუკუნეებს.
ეკლესია გუმბათოვანია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნით და გარეთ მობათქაშებულია. შენობის კუთხეები და კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია აღმოსავლეთ ნახევარი და გუმბათი, ჩამონგრეულია მკლავების კამარები, შემორჩენილ კედლებს მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. ეკლესია გეგმით ჯვარისებრი მოხაზულობისაა (სიგანე 16 მეტრი, სიგრძე დაუდგენელია), რომელიც გარეთა მასებშიც არის გამოვლენილი. ეკლესიის ბირთვს ცენტრალური კვადრატი ქმნის, რომელზეც რვაწახნაგა გუმბათი იყო აღმართული. გუმბათქვეშა სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, გეგმით სწორკუთხა და ნახევარწრიული კამარით გადახურული, საგრძნობლად მოკლე მკლავები ერთვის. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი, რომელიც როგორც ჩანს, აფსიდასა და მის წინ მდებარე ბემას შეიცავდა, დანარჩენ მკლავებთან შედარებით გაცილებით ღრმა ყოფილა და ორივე მხრიდან ცილინდრული კამარით გადახურული სათავსები (სამკვეთლო და სადიაკვნე) ეკვროდა. საკურთხეველი სამკვეთლოსთან ფართო თაღოვანი გასასვლელით ყოფილა დაკავშირებული (შემორჩენილია თაღის დასავლეთ წირთხლი და ქუსლის წყობის ნაწილი), რომელიც სამკვეთლოს მხრიდან ჩასმული ყოფილა კედლის თაღოვან შეღრმავებაში. საკურთხევლიდან სადიაკვნეში გასასვლელი კარის კვალი ამჟამად არ ჩანს. სამივე მკლავის კამარის ქუსლის დონეზე (მკლავის მთელ სიღრმეზე) შირიმის იმპოსტებია გამოყოფილი, რომელთა პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაწახნაგა მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებული იყო კუთხეებში მოწყობილი ოთხი ტრომპის საშუალებით (შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ ტრომპის ნაწილი). ჯვრის სამივე მკლავის ღერძზე ნახევარწრიული თაღით გადახურული ფართო ღიობია, რომელიც თითოეულ მათგანს მის წინ მდებარე, მისივე ტოლი სიგანის, მაგრამ ბევრად უფრო დაბალ, სწორკუთხა სათავსთან აკავშირებს. სამივე სათავსს (ღერძზე) თითო შესასვლელი აქვს. სამხრეთ სათავსის შესასვლელი ნალისებრი თაღითაა გადახურული; დასავლეთ შესასვლელის თაღი ნახევარწრიულია, ხოლო ჩრდილოეთ შესასვლელს წირთხლების მცირე ნაწილებიღა შემორჩა. სამივე სათავსი გადახურული იყო ეკლესიის შესაბამისი კედლის პერპენდიკულარული კამარით.
ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში სამხრეთ სათავსი მნიშვნელოვნად აუმაღლებიათ და შიგნით გუმბათოვანი კამარით გადაუხურავთ, რომელიც გარედან ორკალთიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. გუმბათის საფუძვლის შესაქმნელად სათავსის ოთხივე კუთხეში მოწყობილ კვადრატულ ბურჯებზე ნახევარწრიული თაღები გადაუყვანიათ. ამ თაღებით შექმნილი კვადრატის ოთხივე კუთხის თავზე (თაღებზე ოდნავ მაღლა) შირიმით ნაწყობი თითო მოზრდილი ტრომპია, რომლებიც გუმბათოვანი კამარის წრიულ საფუძველს ქმნიან. რიყის წვრილი ქვით ნაგებ წესიერი ფორმის გუმბათში შირიმის სუფთად გათლილი ქვებით გამოყვანილია რვა სხივი, რომლებიც შირიმისავე იმპოსტებს ეყრდნობიან. ეკლესიის კედლებს სამი თაღოვანი სარკმელი შემორჩა. თითო სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ღერძებზეა, ხოლო ერთი სამხრეთ სათავსის სამხრეთ კედელშია - ტრომპების დონეზე გარედან. სამხრეთ და დასავლეთ მკლავების სარკმლები შირიმის თლილი ქვითაა გამოყვანილი და ერთ ქვაში გამოკვეთილი, ოდნავ ნალისებრი თაღი ხურავთ. ორივე სარკმლის, თავზე ასომთავრული წარწერებია. ორივე დაზიანებულია. იკითხება წარწერების მხოლოდ ნაწილი: დასავლეთ სარკმლის თავზე - ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ) მლხ(ი), სამხრეთ სარკმლის თავზე - ლტზი. მოგვიანებით სამხრეთ სათავსისათვის სამხრეთიდან (მთელ სიგანეზე) გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე მიუდგამთ, რომლისგანაც მცირე ნაწილია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 155-156.