მატნის ღვთისმშობლის ეკლესია (ტერტერაანთ უბანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მატნის ღვთისმშობლის ეკლესია (ტერტერაანთ უბანი)ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატანში ტერტერაანთ უბანში. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია (12,7 X 7,5 მ). ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. კამარა და საბჯენი თაღები მთლიანად აგურისაა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, თაღები და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი. ეკლესია ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარელიფსური აბსიდია. აბსიდის ღერძზე ბრტყელი თაღით გადახურული ფართო სარკმელია; სარკმლის ჩრდილოეთით - მცირე თაღოვანი ნიში. აბსიდის შუაში კუბური ფორმის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელი აქვთ, ხოლო დასავლეთით - ვიწრო სწორკუთხა შესასვლელი. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე დამატებითი სათავსები ყოფილა (შემორჩენილია ჩრდილოეთ სათავსის კედლების მცირე ნაწილი). საკურთხევლის ბაქანი მაღალია, იგი აბსიდის მიმართ რამდენადმე წინწამოწეულია და გვერდებზე ოთხსაფეხურიანი კიბეები აქვს. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში, საკურთხევლის სარკმლის ანალოგიური, სამი სარკმელია, სამხრეთისაში - ორი, დასავლეთისაში -ერთი ვიწრო და დაბალი თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმლებს ქვემოთ, თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის შეისრული კამარა სამ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. მათგან ორი დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებზე იყო გადაყვანილი, მესამე - დასავლეთ კუთხის პილასტრებზე. პილასტრებს შორის მოქცეული კედლის შეღრმავებული ნაწილები ბრტყელი თაღითაა დასრულებული. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკე ყოფილა (შემორჩენილია იატაკის საყრდენი ხის მელები). ინტერიერი შელესილია. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადებზე ორივე შესასვლელი აგურის სოლისებრი წყობითაა გადახურული - თარაზულად. შესასვლელების ზემოთ თითო თაღოვანი შეღრმავებაა. განივ ფასადებზე, ფრონტონებში, თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ლავგარდანი აგურისაა - სამსაფეხურიანი (ნაწილობრივ შემორჩენილია განივ ფასადებზე). დასავლეთ ფრონტონზე დაშენებულია ოთხ რვაწახნაგა სვეტზე დაყრდნობილი და ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი აგურის სწორკუთხა სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]