დუმასტურის მთავარანგელოზთა ეკლესია
დუმასტურის მთავარანგელოზთა ეკლესია — ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია, დგას სოფელ დუმასტურის აღმოსავლეთით 400 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კომპლექსში შედის მთავარანგელოზის ეკლესია, კოშკი და გალავანი. ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვით. კომპლექსის სამხრეთით 40 მეტრზე, მეორე ეკლესია დგას. ეკლესია დარბაზულია (სიგანე 4 მეტრი, სიგრძის დადგენა არ ხერხდება), დგას ფრაგმენტულად შემორჩენილი წრიული გალავნით შემოფარგლული ეზოს დასავლეთ ნაწილში. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი. ეკლესიის ნახევარწრიული აფსიდა გადახურული ყოფილა ამორფული ფორმის სხმული კონქით (შემორჩენილია მცირე ნაწილი). აბსიდის ღერძზე ზემოთკენ თანდათან შევიწროებული და ბრტყლად გადახურული სარკმელია. ეკლესიას სამხრეთიდან ოდნავ მოკლე მინაშენი ეკვროდა. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთ კედელიღაა შემორჩენილი, რომელშიც ბრტყლად გადახურული და ზემოთკენ თანდათან დავიწროებული სარკმელია გაჭრილი. კოშკი ეკლესიის აღმოსავლეთით 20 მეტრზე დგას. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი (სამი სართულის სიმაღლეზე). პირველ სართულზე (შუა ნაწილში) შესასვლელია, რომელსაც წვერწაკვეთილი სამკუთხა თაღის ფორმის გადახურვა აქვს. მეორე სართულის დონეზე გარედან თაღოვანი და შიგნიდან ბრტყლად გადახურული კარი და ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულის დონეზე - ერთი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელი. მეოთხე სართულის კედელს მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები). კოშკს დასავლეთიდან გეგმით სწორკუთხა (6,2 X 3,4 მ) მინაშენი ეკვროდა (შემორჩენილია კვალი). მეორე ეკლესია დარბაზულია (3,6 X 2,6 მ). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ხის ძელებითაა გადახურული - თარაზულად. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე, მცირე თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდაში ორი ნიშია. საკურთხეველი გადახურულია სხმული კონქით, სხმულია კამარაც. ლავგარდანი მხოლოდ გრძივ კედლებს ჰქონია (შემორჩენილია ფრაგმენტულად). ეკლესია კვადრატული აგურით ყოფილა გადახურული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 79.