მაღრაანის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაღრაანის ღვთაების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მაღრაანის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, ტყეში, მდინარე მაჭარეულის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს. ეკლესია მთის ფერდობის ხელოვნურად მოსწორებულ ადგილზეა აგებული და ირგვლივ დაბალი გალავანი ევლება.

ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან (მთელ სიგრძეზე) თანადროული მინაშენი ეკვრის (9,2 X 9,2 მ). შენობა აგებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. წყობაში აქა-იქ შირიმია ჩართული. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. გარედან ორივე კარს ხის თარაზული გადახურვა (შემორჩენილია ძელების ბუდეები) ჰქონია. შიგნით სამხრეთ კარი სწორკუთხაა, დასავლეთისა - თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო მცირე სწორკუთხა ნიში. სამხრეთ ნიშის ზემოთ, სარკმლის ძირის დონეზე ოდნავ მაღლა, მოწყობილია მცირე სამალავი. აბსიდის მხრების ხაზზე აგებული აგურის კანკელი გვიანდელია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა როგორც საბჯენი, ისე შესაბამისი კედლის ყრუ თაღები. საბჯენი თაღი შეისრულია, კედლის თაღები - ნახევარწრიული. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. დასავლეთ კედლის ღერძზე და გრძივ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის ფასადებიდან ლავგარდანი მხოლოდ გრძივ ფასადებს ჰქონია. ლავგარდანი (შემორჩენილია ნაწილობრივ) თაროსებრია, ნაწყობია ნატეხი ქვით. მინაშენი ეკლესიას წყობის გადაბმით უკავშირდება. მოგვიანებით მისი დასავლეთ ნაწილი მოუნგრევიათ და გეგმით კვადრატული (5 X 5 მ), ორსართულიანი სამრეკლო აუგიათ. სამრეკლოს პირველი სართული ოთხივე მხარეს, ოთხ ოთხკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი შეისრული თაღებით ყოფილა გახსნილი. მოგვიანებით აღმოსავლეთ და სამხრეთ თაღები მთლიანად ამოუშენებიათ, ხოლო დასავლეთ თაღის ამოშენებულ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელი მოუწყვიათ. აღმოსავლეთ თაღში ჩაშენებული კედელი მთლიანად ფარავს მინაშენში შესასვლელს, რის გამოც ახლა მინაშენში შესვლა მხოლოდ აღმოსავლეთ სარკმლიდან შეიძლება. სართული გადახურულია არაწესიერი ფორმის, დადაბლებული პროპორციების, სხმული კამარით, რომელსაც წვერში წრიული შეღრმავება აქვს. იატაკში მოზრდილი ქვევრია ჩაფლული. მეორე სართული აგურით არის ნაგები. იგი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო შეისრულთაღოვანი მაღალი ღიობია. თაღები გარედან მოქცეულია კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეებში. მეორე სართული პირველზე დაბალია და გადახურულია ნახევარსფერული გუმბათოვანი კამარით. სამრეკლო დასრულებულია მაღალი, საფეხუროვანი ლავგარდნით. იგი კუთხურად და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგება. გალავანი ქვითკირისაა. მისი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ნაწილი ფერდობის საყრდენი კედლების როლს ასრულებს. გალავანს ორი შესასვლელი ჰქონდა: აღმოსავლეთიდან (შემორჩენილია მხოლოდ ერთი წირთხლი) და დასავლეთიდან, კარიბჭიდან. კარიბჭე გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია ჩართული. იგი გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო შეისრული კარი აქვს. ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. წყობაში აქა-იქ შირიმის უსწორმასწორო, მოზრდილი ქვებიცაა ჩართული. შესასვლელთა თაღები ნაგებია აგურით. სამხრეთ კედლის შუა ნაწილში ჩაშენებულია ნახევარწრიული ბუხარი, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიში. მსგავსი ნიში ჩრდილოეთ კედელშიცაა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხეში მცირე შეღრმავებაა (მეორე სართულზე ასასვლელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]