მატნის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატნის წმინდა ბარბარეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ილიქეთის უბანში, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5 მ), შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ საამშენებლო ფენას. შენობის თავდაპირველი ნაწილი ნაგებია რიყის ქვით და სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, დუღაბის სქელ ფენაზე. გვიან განახლებული ნაწილი (კამარა, კონქი, შესასვლელების თაღები) გამოყვანილია აგურით. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთ კარი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ხოლო დასავლეთისა, ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთითაა. ორივე შესასვლელი შიგნით თარაზულადაა გადახურული, გარედან - თაღოვანია. თაღი კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, რომელსაც აგურის საფეხუროვანი ფრიზი აგვირგვინებს. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდაა, აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. მეორე ტრაპეზი აბსიდის ჩრდილოეთ გვერდზეა მიშენებული. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და აბსიდის მხრების ხაზიდან რამდენადმე წინ წამოწეული. ეკლესიის დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიას შირიმის მაღალი ლავგარდანი აქვს. ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, წრეთარგი და ლილვი. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დგას აგურით ნაგები, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი, ვიწრო, სწორკუთხა სამრეკლო. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]