ხორხელის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხორხელის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში, დგას სოფლის განაპირას, დასავლეთით, მდინარე ხოდაშნისხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (10,2 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. მოგვიანებით შეუკეთებიათ. აღდგენილი ნაწილები ძირითადად აგურითაა ნაშენი. კედლები შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი შიგნით სწორკუთხაა. დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, ხოლო სამხრეთისა მოზრდილი ზომის ქვითაა გადახურული (გვიანდელია). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. საკურთხეველი გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კონქით (გვიანდელია). აბსიდის მხრების ხაზიდან რამდენადმე წინ წამოწეულ აგურის კანკელს (გვიანდელია) ორი თაღოვანი გასასვლელი აქვს. დარბაზის გრძივ კედლებსა და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ და ნიშად გადაუკეთებიათ. მოგვიანებით ეკლესიისთვის სამხრეთიდან გეგმით თითქმის კვადრატული (5,4 X 5,1 მ), ორსართულიანი სამრეკლო მიუდგამთ (შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი). სამრეკლოს ქვედა სართული კარიბჭეა და ოთხივე მხარეს გახსნილია რიყის ქვით ნაგებ სწორკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი, აგურით ნაწყობი ფართო და მაღალი შეისრული თაღებით. კარიბჭეს შიგნით დადაბლებული პროპორციების კამარა ხურავს, რომლის მრუდხაზოვან საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია კუთხეებში მოწყობილი აფრისმაგვარი ელემენტები. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა, შედგება ჩვეულებრივად და კუთხურად დალაგებული აგურის ორი რიგისგან. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]