საკობიანოს ღვთისმშობლის ეკლესია
საკობიანოს ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ საკობიანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ახმეტა - ბირკიანის გზის მარცხენა მხარეს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,7 X 5,1 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია შენობის გარეთა კუთხეები, სამხრეთ კედელი, კამარის სამხრეთ ნაწილი და ლავგარდანი. დაზიანებულია აგრეთვე საფასადო წყობაც. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). კვადრატული ფორმის დარბაზი აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ფორმის ღრმა აფსიდითაა დასრულებული, რომლის ღერძზე შეისრული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს კი - თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ორივე ნიში კედელში მოწყობილი თითო პატარა, გეგმით სწორკუთხა სამალავს უკავშირდება. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია აგურის ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხეველი გადახურულია ტლანქად სხმული კონქით. კონქის თაღის მალი აბსიდის სიგანეს ოდნავ აღემატება, რის გამოც ორივე ქუსლის დონეზე პატარა საფეხური იქმნება. კვადრატული დარბაზის ჩრდილოეთ კედელში თარაზულად გადახურული ერთი სარკმელია, ამავე კედლის აღმოსავლეთ კიდეში - აგურით ნაშენი სანათლავი. დასავლეთ კედელში ფართო და დაბალი შეისრულთაღიანი შეღრმავებაა, რომლის ჩრდილოეთ გვერდში პატარა, სწორკუთხა ნიშია; იგი დასავლეთ კედლის სისქეში მოწყობილ სამალავს უკავშირდება. დარბაზი გადახურულია შეისრული ფორმის სხმული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის თავისებური განლაგებით შექმნილია მცირე დეკორატიული აქცენტი. ზემოთ, ფრონტონის წვერთან, შეღრმავებული მოკლე ჰორიზონტალური ზოლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 138-139.