ფიჩხოვანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფიჩხოვანის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ფიჩხოვანის ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9,5 X 5,4 მ), რომელსაც დასავლეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული. შენობა ნაგებია საშუალო და საკმაოდ მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. კედლები გარედან მობათქაშებული ყოფილა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეებია ამოსული; აღმოსავლეთ ფასადზე ჩამოშლილია საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, აქა-იქ ჩამოშლილია ლავგარდანი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან, სამრეკლოს პირველი სართულიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნით კი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის კვადრატული ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან კანკელითაა გამიჯნული, რომელშიც მოწყობილია სამი თაღი. დარბაზის სამივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. გრძივი კედლების შუაში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზეც ნახევარწრიული საბჯენი თაღია გადაყვანილი. ნახევარწრიული ფორმისაა აბსიდის თაღიც და კამარაც. ეკლესიის კედლები დასრულებულია ქვის ფილებით ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგარდნით. სამრეკლო გეგმით კვადრატულია (4,5 X 4,5 მ), მისი პირველი სართული, რომელიც ეკლესიის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ფართო თაღებითაა გახსნილი. სართული გადახურულია ნახევარსფერული კამარით. მეორე სართული ნახევარსფერული კამარით გადახურული რვაწახნაგა ფანჩატურია, თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი შეისრული თაღია. ფანჩატურზე ასასვლელად, სამხრეთ ფასადზე ნატეხი ქვით ნაშენი კიბეა მიშენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]