ბუის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბუის საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორხელის ჩრდილოეთით 2,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი, ჩამოშლილია ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილები, გარედან შენობა მცენარეებითაა დაფარული. ეკლესია დარბაზულია (7,2 X 4,8 მ). ნაგებია რიყის ქვით. აბსიდის კუთხეები, კამარა, საბჯენი თაღები და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით ხის ძელებითაა გადახურული, ხოლო გარედან - მცირე სწორკუთხა შეღრმაევებაში ჩასმული შეისრული თაღით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის ღრმა აბსიდია, რომლის ღერძზეც შეისრულთაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდი გადახურულია ტლანქად ნაგები კონქით. დარბაზის შეისრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი - ქვის კონსოლებს. თაღი რამდენადმე დასავლეთითაა გადაადგილებული, ამიტომ კამარის აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის ორჯერ აღემატება დასავლეთისას. დარბაზის სამივე კედელში თითო შეისრულთაღოვანი სარკმელია. ფასადები მობათქაშებულია. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის ზემოთ, მცირე სწორკუთხა ნიშია.