ხორბალოს წმინდა გიორგის ეკლესია
ხორბალოს წმინდა გიორგის ეკლესია — ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოში მდებარე ეკლესია, დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ბორცვზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,6 X 3,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია ცილინდრული ფორმის კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, პატარა სწორკუთხა ნიშია. კედლები დასრულებულია ნატეხი ქვის ფილებით ნაწყობი ერთსაფეხურიანი ლავგარდნით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 171.