ჩაბინაანის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაბინაანის წმინდა კვირიკეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 14 კილომეტრზე, სოფელ ჩაბინაანის განაპირას, აღმოსავლეთით, ხევის პირას, თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 60 მეტრზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია საგანგებოდ შერჩეული რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გვიანდელი შეკეთების დროს გამოყენებულია კვადრატული აგური. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნაგებობიდან მხოლოდ შუა ეკლესიის დასავლეთ ნაწილი დგას, მაგრამ მასაც კედლების ზედა ნაწილები და კამარა ჩამოშლილი აქვს. შუა ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვროდა შედარებით ვიწრო და დაბალი ეკლესიები, ხოლო დასავლეთიდან - განივი ნავი, რომელიც გვერდის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა. გვერდის ეკლესიებსა და დასავლეთ ნავის კამარის დასაყრდნობად, შუა ეკლესიის შესაბამისი კედლებიდან გამოშვერილი რიყის ქვებით მოწყობილია თარო. შუა ეკლესია მხოლოდ სამხრეთ ეკლესიასთან და დასავლეთ გარშემოსავლელთან იყო დაკავშირებული. ორივე კარი შუა ეკლესიის მხრიდან გადახურულია თაღით, ხოლო გარედან - არქიტრავით. სამხრეთ შესასვლელის ზემოთ მაღალი, ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელია. მსგავსი სარკმელი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიც ყოფილა (შემორჩენილია დასავლეთ წირთხლის ნაწილი). ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან სწორკუთხა გეგმის სამკვეთლო ეკვროდა (შემორჩენილია დასავლეთ კედლის და კამარის ქუსლის წყობის ნაწილი მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე), რომელიც შუა ეკლესიას კარით უკავშირდებოდა. კარი სამკვეთლოს მხრიდან თაღოვანია, მთავარი ეკლესიის მხრიდან კი თარაზულად ყოფილა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]