დუისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დუისის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუისში. დგას სოფლის აღმოსავლეთით 800 მეტრზე, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირას, გორაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის პირჩამოსწორებული ნატეხი ქვით. ქვებს შორის დარჩენილი არეები წმინდა ბათქაშითა და აქა-იქ მცირე ზომის ნატეხი ქვითაა ამოვსებული. კუთხეები და არქიტექტურული ელემენტები გამოყვანილია შირიმის კვადრებით. ეკლესიას თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. მისი ზედა ნაწილები და კამარა მოგვიანებით განუახლებიათ და სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ვიწრო სადგომები მიუშენებიათ. ამავე დროს ეკლესია შიგნიდან შეულესავთ და მოუხატავთ (შემორჩენილია კვალი). მინაშენები და ეკლესიის განახლებული ნაწილები აგებულია რიყისა და წვრილი ნატეხი ქვით. წყობა ტლანქია. ძეგლი ძილერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ეკლესიის კამაროვანი გადახურვა, დანგრეულია გრძივი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენებიც.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთ კარი ორივე მხრიდან თაღითაა გადახურული (გარეთა თაღი და წირთხლების ნაწილი გვიანდელია). ჩრდილოეთისა შიგნიდან თაღოვანია, გარედან - სწორკუთხა. სამხრეთ შესასვლელის თაღთან ნალესობაზე, მარჯვენა ხელის მტევნის ანაბეჭდია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შირიმით ნაწყობი თაღოვანი სარკმელია, რომელიც შეკეთების დროს დაუდაბლებიათ. სარკმლის მარცხნივ პატარა სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულია საკმაოდ დაბრეცილი კონქით (გვიანდელია). დარბაზის გრძივ კედლებში თითო სარკმელია (ამოშენებულია).

ეკლესიას ჰქონია მაღალი, ორსაფეხურიანი ლავგარდანი, რომელიც მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. ლავგარდნის ქვედა საფეხური წყობიდან გამოშვერილი და ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილებით დაცილებული მოგრძო რიყის ქვებითაა გამოყვანილი, ზედა - დამტვრეული კრამიტისა და რიყის ქვის წყობით.

სამხრეთ მინაშენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე გაცილებით ვიწროა და რამდენადმე დასავლეთითაა წაგრძელებული (9,4 X 2 მ). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელსაც სამხრეთ გვერდის მნიშვნელოვანი ნაწილი მონგრეული აქვს. აფსიდის ღერძზე დაბალი სარკმელია გაჭრილი. სარკმელი შიგნით ტრაპეციისმაგვარია, გარედან - თაღოვანი. შესასვლელი მინაშენს სამხრეთიდან ჰქონია. სამხრეთ კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია და შესასვლელის მხოლოდ დასავლეთ წირთხლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ კედელიც. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის ნაწილები დგანან.

ჩრდილოეთ მინაშენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ მინაშენი სამხრეთ მინაშენზე ოდნავ განიერია და ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის (7,5 X 2,5 მ). შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუაშია გაჭრილი (შემორჩენილია წირთხლები). საკურთხეველში ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელი და ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია (ჩრდილოეთით). სარკმლის მარცხნივ საკურთხევლის კედელი მომრგვალებულია, მარჯვნივ კედელი სწორია და ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან თანხვედრისას მართ კუთხეს ქმნის. საკურთხეველი გადახურულია ტლანქად ნაწყობი კონქით, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეული აქვს. ჩამონგრეულია მინაშენის კამარაც. კამარის სამხრეთ ქუსლის დასაყრდნობად ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი (კამარის მთელ სიგრძეზე) გამონგრეულია და პატარა საფეხურია შექმნილი. მინაშენი ცალფერდა სახურავით ყოფილა დასრულებული. მოგვიანებით სახურავი აუმაღლებიათ ისე, რომ იგი ეკლესიის სახურავის ჩრდილოეთ კალთასთან ერთ სიბრტყეს ქმნიდა. მინაშენი, ისევე როგორც ეკლესია ფიქლით ყოფილა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]