ხორბალოს ციხისჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხორბალოს ციხისჯვრის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორბალოს დასავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი შედგება ეკლესიისა და მასზე მოგვიანებით მიშენებული სამრეკლოსგან. ეკლესია და სამრეკლოს პირველი სართული ნატეხი ქვითაა ნაგები, სამრეკლოს მეორე სართული - აგურით. ეკლესიის ფასადებზე წყობაში აქა-იქ შირიმის მოზრდილი ქვებია ჩართული. ძეგლი დაზიანებულია: ორივე ნაგებობის სახურავის საფარი ჩამოშლილია, ეკლესიის სახურავზე მცენარეებია ამოსული. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს - კედლის სამხრეთ ნაწილში. [[აღმოსავლეთი]თ ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე ერთი სწორკუთხა სარკმელია. საკურთხეველში ორი მცირე ნიში და ორი სამალავია. სამხრეთ სამალავი იატაკის დონეზეა, ჩრდილოეთ სამალავი კი აბსიდის სარკმლის ბრტყელი გადახურვის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი გადახურულია საკმაოდ ტლანქად ნაწყობი კონქით. ტლანქია კამარაც. კვადრატული დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ბრტყლად გადახურული სარკმელია. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნის ნაწილი. სამრეკლო ეკლესიაზე სამხრიდანაა მიშენებული. იგი ორსართულიანია და ეკლესიაზე რამდენადმე მოკლე. ქვედა სართული გუმბათოვანი კამარით გადახურული, გეგმით თითქმის კვადრატული სათავსია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან შეისრული თაღი ხურავს. სათავსის ჩრდილოეთ კედელში ფართო შეისრული თაღია, რომელშიც ეკლესიის სარკმელი გამოდის. აღმოსავლეთ კედელში მაღალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედლიდან შვერილი ქვის თაროა. ასეთივე, მაგრამ შედარებით მცირე ზომის თარო სამხრეთ კედელშიცაა. მეორე სართული გუმბათოვანი კამარით გადახურული რვაწახნაგა ფანჩატურია. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი, შეისრულთაღოვანი ღიობია, რომელთა თაღები ფასადის მხარეს კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]