ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისი 15 Tbilisi.jpg
თბილისი. მართლმადიდებლური ეკლესია. წმ. სამების საკათედრო ტაძარი
პისგა, ტიპიური ბაპტისტური ეკლესია ამერიკულ სოფელში
ჰოლანდიური რეფორმისტული ეკლესია ვრესვიკში
მიძინების ტაძარი, მოსკოვის სამთავროს მთავარი ტაძარი. მოსკოვის სრულად შემონახული უძველესი ნაგებობაა

ეკლესია - (ბერძნ. სიტყვიდან „εκκαλεω“ - „ვიწვევ“, „ვკრებ“); მას აქვს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, იგი შეიძლება აღნიშნავდეს:

  • ქრისტიანულ ეკლესიას (ზოგადად)
  • ქრისტიანულ კონფესიას (კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია და ა. შ.)
  • ეროვნულ-რელიგიურ ორგანიზაციას კონკრეტული ქრისტიანული კონფესიის სახით (ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სირიის კათოლიკური ეკლესია და სხვ.)
  • მრევლს (მორწმუნე საზოგადოება)
  • საკულტო ნაგებობას, რომელიც განკუთვნილია მორწმუნე საზოგადოების შესაკრებლად და ლიტურგიული მსახურების აღსასრულებლად.
  • ზოგიერთ ახალ რელიგიურ მოძრაობას. (მაგ: სეანტოლოგთა ეკლესია; მორმონთა ეკლესია და ა.შ. )

კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაზე სასაუბროდ შემდეგი არსებითი ელემენტებია საჭირო:

  • ნათლობა, რომელიც აყალიბებს მორწმუნეებსა და ღმრთის ხალხს;
  • მორწმუნეთა ორგანული დიფერენციაცია სული წმიდის მიერ ბოძებულ სხვადასხვა იერარქიულ და ქარიზმატულ ნიჭთა შესაბამისად;
  • ხილული ეკლესიის მთლიანი მოწყობისა და მასში არსებულ ხსნის ყველა საშუალების მიღება, რომელთაგანაც სახარების კითხვა და ევქარისტიის აღსრულება გამოირჩევა;
  • ქრისტესთან ერთიანობა ხილულ ეკლესიაში რწმენის აღსარების, საიდუმლოთა, საეკლესიო მმართველობისა და თანაზიარების ვალდებულებათა მეშვეობით;
  • უზენაესი პონტიფექსისა და ეპისკოპოსთა მმართველობა.

კათოლიკე, ანუ საეკლესიო თანაზიარება სამ დონეზე ხორციელდება:

  • საყოველთაო ეკლესია: ესაა მთელი ღმრთის ხალხი, ანუ ერთიანობა ყველა მონათლული ადამიანისა, რომელნიც „სარწმუნოების აღსარების, საიდუმლოთა და საეკლესიო მმართველობის ვალდებულებათა მეშვეობით“ არიან შეკავშირებულნი სრულ თანაზიარებაში (CIC, კან. 205);
  • ცალკეული ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ნაწილი, „რომელშიც ნამდვილადაა წარმოდგენილი და მოქმედი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (CIC, კან. 369, შდრ. LG, 26); უპირვველეს ყოვლისა, ესაა დიოცეზი, რომელთანაც გათანაბრებულია „ტერიტორიული პრელატურა და ტერიტორიული სააბატო, სამოციქულო სავიკარიატო და სამოციქულო ადმინისტრაცია, გარდა ამისა, მუდმივმოქმედი სამოციქულო ადმინისტაცია“ (CIC, კან. 368);
  • ადგილობრივი ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ის ნაწილი, რომელსაც მღვდელმსახური ხელმძღვანელობს (ადგილობრივი საკრებულო, სამრევლო...).
  • შინაური ეკლესია ეწოდება ოჯახს (LG, 11ბ; Christifideles laici, 62).

ეკლესია არ იზღუდება სამოქალაქო მოწყობის არც ერთი პირობით და არ არის დაკავშირებული რომელიმე ენასა თუ ხალხთან.

თეოლოგიური შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ აღთქმაში ამ სახელს უფრო ღრმა და საიდუმლო შინაარსი აქვს. თეოლოგიური თვალთახედვით, ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი:

  • ზეციური
  • ამქვეყნიური

ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა.

ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს.

აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზენაესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას.

ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია.

ახალი აღთქმის ეკლესია არის საღვთო ახალი ნერგი, ბაღი ღვთისა, ვენახი ღვთისა. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით, ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით კაცობრიობას ახალი, მადლმოსილი ძალები შესძინა და განახლებული, უხვად ნაყოფისმომცემელი ცხოვრება შეუქმნა. ეს ძალები არსებობს წმიდა ეკლესიაში - "ქრისტეს სხეულში".

ეკლესიის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს აღმოცენდა და მას შემდეგ სული წმიდის წყალობით უცვლელად ინარჩუნებს თავის ბუნებასა და დანიშნულებას.

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, უფალმა იესო ქრისტემ თავისი ტანჯვის წინ მოწაფეებს აღუთქვა სულიწმინდა-ნუგეშინისმცემლის გამოგზავნა, რომელიც მარადის მათთან დარჩებოდა - ეს იქნებოდა სული ჭეშმარიტებისა, რომელიც ასწავლიდა და შეახსენებდა ყოველივეს, რაც თავად მაცხოვარმა იქადაგა და აუწყებდა მომავალს.

ელეონის მთაზე იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები შეპირებული ნუგეშინისმცემლის – სულიწმიდის მოსვლას სასოებით ელოდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ სიონის მთაზე და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ ოთახში, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი სწორედ იმ ოთახად მიიჩნევს, რომელშიც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრის წინ საიდუმლო სერობა გამართა. ამ დროს იერუსალიმში ქრისტიანთა რაოდენობა მოციქულთა ჩათვლით 120 ადამიანს არ აღემატებოდა.

უწინარესად. მოციქულებმა იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ახალი მოციქულის არჩევა გადაწყვიტეს, რათა თადაპირველი რიცხვი მოწაფეთა – თორმეტი, რომელიც თავად იესო ქრისტემ დაადგნა, შესრულებულიყო. წილისყრის შედეგად, მეთორმეტე მოციქულად დადგენის პატივი ღვთის განგებით მატათას ერგო.

იდგა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე. პასექიდან ორმოცდამეათე დღეს ძველი აღთქმის მიმდევრებიც დღესასწაულობდნენ, უფლის მიერ მოსესთვის სინას მთაზე სჯულის მიცემას აღსანიშნავად. მადლიერების ნიშნად ისინი უფალს პირველ ძნას სწირავდნენ და სინაგოგებსა და სახლებს მწვანე რტოებით რთავდნენ. მოსეს სჯულის მიმდევარნი, რომელი ქვეყნის მცხოვრებნიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ცდილობდნენ ამ დღესასწაულს იერუსალიმში შეხვედროდნენ. მაგრამ გარდა ებრაელებისა, ამ დროს წმინდა ქალაქისაკენ უცხო ეროვნების ადამიანებიც მოიჩქაროდნენ, რომელნიც მოსეს რჯულზე იყვნენ მოქცეულნი და ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს როცა დღის სამ, ჩვენებურად დილის ცხრა საათზე (იუდეველები საათებს მზის ამოსვლიდან ითვლიდნენ), ქრისტეს მიმდევრები ერთად ლოცულობდნენ. უცებ ძლიერი ქარის ამოვარდნის ხმა გაისმა და მოციქულებს სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით ზედ დაადგა. მისი მადლით აღვსილი მოწაფეები მაშინვე სხვასადხვა ენაზე ალაპარაკდნენ და იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ერის შვილებს თავთავიანთ ენაზე მიმართეს. მოციქულთა სიტყვებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღეს იერუსალიმში დაახლოებით სამი ათასი კაცი მოინათლა. ამ დროიდან იერუსალიმის, მოგვიანებით კი პალესტინის ტერიტორიები, აგრეთვე მთელი რომის იმპერია და მისგან დამოუკიდებელი ქვეყნები თანდათანობით აღივსო ქრისტიანული თემებით - ეკლესიებით.

ეკლესიის თავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი აღთქმის თანახმად, ეკლესიის თავი იესო ქრისტეა, რომელიც თავად მამაღმერთმა დაადგინა და დაუმორჩილა მას ყოველივე.

ეკლესიის თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიას ოთხი სახასიათო ნიშანი აქვს: ერთიანობა, სიწმიდე, კათოლიკობა და სამოციქულოობა. ისინი საზეიმოდ გამოცხადდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მიერ.

ერთიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნულ ენაში სიტყვა "ერთი" გამოხატულია რიცხვითი სახელით (εν μιαν), მაშასადამე, სარწმუნოების სიმბოლო აღიარებს, რომ ეკლესია ერთია და:

  • შინაგანად განუყოფელი;
  • გარეგნულად მის გვერდით არ არსებობს კიდევ სხვა ეკლესია.

ეკლესიის ერთობა ზედაპირული გაერთიანება არ არის, იგი შინაგან თანხმობასა და ერთსულოვნებაში მდგომარეობს. "ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფ. 4,4-6).

მაცხოვარი ეკლესიას იგავთა საშუალებით გამოსახავს და ამასთან საუბრობს ერთ სამწყსოზე, ცხოვართა ერთ სადგომზე, ერთ ვაზსა თუ ერთ მთავარ ქვაზე. უფალმა მოგვცა ერთი სწავლება, ერთი ნათლობა და ერთი ზიარება, მორწმუნეთა ერთობა ქრისტეში იყო მაცხოვრის სამღვდელთმთავრო ლოცვის თემა მისი ჯვარზე ვნების წინ: "ყოველნი ერთ იყვნენ" (ინ. 17,21) - ასე ლოცულობდა უფალი.

ეკლესია ერთია როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. მის გარეგნულ ერთობაში იგულისხმება სარწმუნოების ერთსულოვანი აღიარება, ერთი ღვთისმსახურება და საიდუმლოებანი, მოციქულებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული მადლმოსილი იერარქიის ერთობა და ერთიანი კანონიკური მოწყობა.

მიწიერ ეკლესიას გააჩნია ხილული და უხილავი მხარეები. უხილავია მისი თავი - ქრისტე, მისი განმაცხოველებელი სულიწმიდა. ეკლესიის შედარებით სრულყოფილ წევრთა სიწმიდეში უხილავად აღესრულება მისი საიდუმლო შინაგანი ცხოვრება. ეკლესია ხილულიც არის იმიტომ, რომ მისი წევრები ცოცხალი ადამიანები არიან: მას ჰყავს ხილული იერარქია და ხილულად ასრულებს ლოცვასა და მღვდელმოქმედებებს: ღიად, სიტყვიერად აღიარებს ქრისტესადმი რწმენას.

ეკლესია ერთი მაშინაც იქნება, თუკი მის გვერდით გაჩნდება ქრისტიანული საზოგადოებები, რომლებიც მას არ ეკუთვნიან. ისინი ეკლესიის გარეთ დგანან და მასში არ არიან.

არ ირღვევა ეკლესიის ერთიანობა არადოგმატური ხასიათის დროებითი განხეთქილებების გამოც. ეკლესიათა შორის უთანხმოება არცთუ იშვიათად ჩნდება არასაკმარისი ცოდნისა და არასწორ მონაცემთა წყალობით. ურთიერთობათა დროებითი შეწყვეტა ხანდახან ცალკეული იერარქების პირადი ცდომილებების გამო ხდება, რომლებიც სათავეში უდგანან ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიას და არღვევენ მის კანონებს, თუ ძველი ტრადიციით დადგენილი ერთი საეკლესიო ტერიტორიული ერთეულის მეორისადმი დაქვემდებარების წესს. მეტიც, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ადგილობრივ ეკლესიაში მოხდეს ისეთი შიდა ძვრები, რომლებიც დააბრკოლებენ სხვა ეკლესიებთან მის ურთიერთობას მანამ, სანამ მასში არ გამოჩნდებიან და გაიმარჯვებენ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი დამცველნი. დასასრულ, პოლიტიკურ გარემოებათა გამო შეიძლება ეკლესიათა შორის კავშირი დიდი ხნით მოიშალოს, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა ისტორიაში; ასეთ შემთხვევებში განყოფა მხოლოდ გარეგნულ ურთიერთობათა დონეზე ხდება. იგი არ ეხება და არ არღვევს შინაგან სულიერ ერთობას.

ერთი ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს მისი წევრების მართლმადიდებლური რწმენა და არა ამა თუ იმ მომენტში მათი რაოდენობა. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი II მსოფლიო კრების წინ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ წერდა:

"ეს ყანა ოდესღაც იყო მცირე და ღარიბი... ეს არ ყოფილა ნათესი, რომლის გალეწვა, გათიბვა და ბეღელში (შენახვა) ღირდა, მასზე არ იდგა ზვინები, ძნები, მხოლოდ პატარა, ქორფა ბალახები ხარობდნენ, ისეთები, როგორიც სხვენზე იზრდება ხოლმე, რომლებითაც "არა აღივსო ხელი თჳსი მომკალმან". მათ არ დალოცავენ მიმომსვლელნი (ფს. 128,6-8). ასეთი იყო ჩვენი ყანა, ჩვენი მოსავალი! მაგრამ იგი დიდია, მსუყე და უხვი დაფარულთმხედველის თვალში... მაგრამ ის ხალხისთვის უცნობია, ერთ ადგილზე არ არის თავმოყრილი და ნელ-ნელა ივსება".

ეკლესიათა შორის შესაძლო უთანხმოებათა შეწყვეტის თხოვნა საეკლესიო ლოცვებშიც გვხვდება: „დააცხვრე განხეთქილება ეკლესიათა, დაშრიტენ აღძრვანი წარმართთანი... დაარღვიენ ძალითა სულისა შენი წმიდისათა...“ (ევქარისტიული ლოცვა წმ. ბასილი დიდის ლიტურიაზე),“... ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყვარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტყველებთ და გევედრებით, შენდობასა ბრალთასა, სოფლისა მშვიდობასა, და ეკლესიათა ერთობასა“ (საკვირაო შუაღამიანის კანონი, ხმა 8, გალობა 9).

სიწმიდნდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ამქვეყნიური მსახურებისა და ჯვარზე სიკვდილის ღვაწლი. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვს... რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თვსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო“ (ეფ. 5,25,27). ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების არსებობით, რომელთაც საიდუმლოთა ასრულების დროს ან სხვა მღვდელმოქმედებებით ვეზიარებით: წმიდაა ზეციურ ეკლესიასთან თავისი კავშირით.

თავად ეკლესიის სხეული არის წმიდა. "უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი" (რომ. 11,16). ვინც იწამა ქრისტესი, ისინი "ტაძარნი ღმრთისანი", „ტაძარნი... სულისა წმიდისანი" არიან (I კორ. 3,16; 6,19). ჭეშმარიტ ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ და არიან უმაღლესი სულიერი სიწმიდის მქონე, გამორჩეული ნიჭებით მადლშემოსილი ადამიანები: მოწამენი, ქალწულნი, მოსაგრენი, ღირსნი, მღვდელმთავარნი, მართალნი, ნეტარნი. ეკლესიას სააქაოდან გასული ყველა დროისა და ხალხის მართალთა ურიცხვი კრებული ჰყავს. ეკლესიაში ვლინდება სულიწმიდის განსაკუთრებული ნიჭები როგორც ხილული ფორმით, ისე ამა სოფლის თვალთაგან დაფარულად.

ეკლესია წმიდაა თავისი მოწოდებითა და დანიშნულებით. წმიდაა მისი ნაყოფი: "ნაყოფი თქუენი სიწმიდედ და აღსასრულსა - ცხორება საუკუნო" - გვასწავლის მოციქული (რომ. 6,22).

ეკლესია აგრეთვე სარწმუნოების სუფთა, უცდომელი სწავლებით არის წმიდა. "ეკლესია ღმრთისა ცხოველისა", საღვთო წერილის მიხედვით, არის "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (I ტიმ. 3,15). აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები ეკლესიური სწავლების უცდომელობის თაობაზე ასე მსჯელობენ: "ეკლესიის უცდომელობის აღიარებით ჩვენ არაფერს სხვას არ ვამტკიცებთ, თუ არა ზუსტად იმას, რომ იგი უცვალებელი და დაარსებიდან იგივეა, როგორც საღვთო სწავლება".

ეკლესიის სიწმიდეს ვერ შებღალავს მასში რაიმე ამსოფლიურის შეჭრა ან ადამიანთა ცოდვები. ეკლესიის გარემოში მოხვედრილი ყოველივე ცოდვითი და ამქვეყნიური მისთვის მაინც უცხო რჩება და როგორც სარეველები, მოკვეთისა და განადგურებისთვის არიან განწირულნი. აზრი, თითქოს ეკლესია მარტოოდენ მართალთა და წმიდანთაგან, ანუ უცოდველთაგან შედგებოდეს, არ ეთანხმება ქრისტესა და მისი მოციქულების პირდაპირ სწავლებას. მაცხოვარი თავის ეკლესიას ადარებს მინდორს, რომელზედაც იფქლი ღვარძლთან ერთად ხარობს (მთ. 13,24-30); ბადეს, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს კარგიც და უვარგისი თევზიც (მთ. 13,47-50); ეკლესიაში არიან სახიერი მონებიცა და ბოროტნიც (მთ. 25, 14-30), ბრძენნიცა და სულელი ქალწულებიც (მთ. 25,1-12). „გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები ყველანი მართალნი და მხოლოდ მართალნი არიან. ისინი უეჭველად აღიარებენ ქრისტე მაცხოვარისადმი წმიდა რწმენას (რომელიც გადმოგვეცა თავად ქრისტეს, წმიდა მოციქულთა და მსოფლიო კრებათაგან), თუნდაც ზოგი მათგანი სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს... ეკლესია მათ ამხელს, სინანულად მოუწოდებს და მაცხოვნებელი მცნებების გზით მიჰყავს. ისინი ამიტომაც რჩებიან და მიიჩნევიან კათოლიკე ეკლესიის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ექვემდებარებიან. მთავარია, არ განუდგნენ და უერთგულონ კათოლიკე მართლმადიდებელ სარწმუნოებას".

მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც გადალახავენ ცოდვილნი და, როგორც მკვდარი ნაწილები, ისე მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულიდან. ეს მოხდება საეკლესიო მმართველობის ხილული ქმედებებითა და ღვთის სამსჯავროს უხილავი ძალით. ეკლესიას არ ეკუთვნიან უღმერთონი, ქრისტიანულ სარწმუნოებას განდგომილნი, შეგნებული სიჯიუტით გამორჩეული ცოდვილნი, რომლებიც ცოდვების მონანიებაზე უარს აცხადებენ. მათ რიცხვში შედიან ერეტიკოსები, რომლებიც ამახინჯებენ სარწმუნოების ძირითად დოგმატებს, განდგომილნი ანუ განხეთქილებაში გასულნი, რომლებიც თვითნებურად გამოეყვნენ ეკლესიას (ლაოდიკიის კრების 33-ე კანონი კრძალავს განდგომილებთან ლოცვას). წმ.ბასილი დიდი განმარტავს: „ზოგს ძველი ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება, ზოგს კი თვითნებური თავშეყრა. სარწმუნოებიდან გაუცხოებულებსა და მთლიანად მისგან ჩამოცილებულებს ერეტიკოსები უწოდეს. განხეთქილებაში მყოფნი - საეკლესიო საკითხებსა და კურნების დაშვების თაობაზე განყოფილებს დაარქვეს. თვითნებური თავყრილობები - ეს არის კრება, რომელსაც შეადგენენ ურჩი მღვდელი ან ეპისკოპოსი და უმეცარი ხალხი“14.

ეკლესიის სიწმიდე შეუთავსებელია ცრუსწავლებასა და ერესებთან. ამიტომაც იცავს ეკლესია მკაცრად ჭეშმარიტების სიწმიდეს და თავისი გარემოდან თავადვე განკვეთს ერეტიკოსებს.

კათოლიკობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვ „კათოლიკე“ (καθολικός) ბერძნული წარმოშობისაა, რაც ნიშნავს „ყოვლისმომცველს“, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“ და ეს განსაზღვრება ერთერთი უმთავრესი ნიშანი იყო ქრისტიანული ეკლესიისათვის ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. ეკლესიას იმიტომ ეწოდება კათოლიკე, რადგან მასში დაცულია მხსნელ საშუალებათა მთლიანობა, მაგრამ, ამის გარდა, ის თავადაა საყოველთაო და მოწოდებულია მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. მისი მიზანი და სწრაფვაა, ეკლესიის ერთიანობაში მთელ კაცობრიობას მოუყაროს თავი იესო ქრისტეს წინამძღოლობით.

იგი ძველბერძნულ, ქრისტიანობამდელ ლიტერატურაში მეტისმეტად იშვიათად გვხვდება. მაგრამ ქრისტიანულმა ეკლესიამ ძველთაგანვე აირჩია ეს სიტყვა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისების - სამყაროსეული ხასიათის აღსანიშნავად.

ძველ ქრისტიანულ წერილობითს ძეგლებში ამ ტერმინს არაერთგზის იყენებს მოციქულთა მოწაფე წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი; მაგალითად: „სადაც იესო ქრისტეა, იქვე არის კათოლიკე ეკლესია“. ეს ტერმინი გვხვდება ყველა მსოფლიო კრების აქტებში. ამ სიტყვის ზედმიწევნითი თარგმანია: ყოვლისმომცველობა, სისრულე თუ სისავსის უმაღლესი ხარისხი.

სამოციქულოობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიას ეწოდება სამოციქულო, რადგან ისტორიულად მას მოციქულებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათვე გაავრცელეს ქრისტიანობა ქვეყნის კიდემდე და თითქმის ყველამ თავისი ნაქადაგები მოწამებრივი სიკვდილით დაამოწმა. ამქვეყნად ქრისტიანობის თესლი მათი სიტყვითა და მათ მიერ დათხეული სისხლის წყალობით ჩაითესა. პირადი რწმენის ძალით გააჩაღეს მათ სარწმუნოების ჩაუქრობელი ალი მთელს ქვეყნიერებაზე.

მოციქულებმა შემოინახეს და მთელს ეკლესიას გადასცეს სწავლება ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ცხოვრებაზე იმ სახით, როგორითაც თავიანთი მასწავლებლისა და უფლისაგან მიიღეს. მოციქულები სახარების მცნებების აღსრულების პირად მაგალითებს იძლეოდნენ. მათ ქრისტეს სწავლება ზეპირსიტყვიერად და წმიდა ნაწერების სახით გადასცეს მორწმუნეებს, რათა ამ უკანასკნელთ დაეცვათ იგი, ეღიარებინათ და მის შესაბამისად ეცხოვრათ.

მოციქულებმა უფლის მცნებებზე დაყრდნობით დაადგინეს საეკლესიო მღვდელმოქმედებანი, დასაბამი მისცეს ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ნათლისღებისა და ხელდასხმის საიდუმლოთა აღსრულებას.

მათვე დაადგინეს ეკლესიაში ეპისკოპოსობის მადლმოსილების მემკვიდრეობითი გადაცემა. ამის წყალობით ხდება მსახურების მადლმოსილების მემკვიდრეობით მიღება მთელი საეკლესიო იერარქიის მიერ, რომელიც მოწოდებულია იყოს მნე „საიდუმლოთა ღმრთისათა“ (I კორ. 4,1).

მოციქულებმა განსაზღვრეს საეკლესიო ცხოვრების კანონიკური სტრუქტურის საფუძვლები და იზრუნეს, რათა ყველაფერი ყოფილიყო „ჯეროვნად და წესისამებრ“ ამის მაგალითებს გვაძლევს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მე-14 თავი, რომელშიც შესულია მითითებანი საეკლესიო-საღვთისმსახურო შეკრებათა შესახებ.

ყოველივე ზემოთქმული ისტორიულ მხარეს განეკუთვნება. მაგრამ არსებობს მეორე, შიდა მხარეც, რომელიც ეკლესიას „სამოციქულოს“ თვისებას ანიჭებს: მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც და არსებობენ ქრისტეს ეკლესიაში. იყვნენ მიწიერში, ახლა არიან ზეციურში და აგრძელებენ ამქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას. ისინი ეკლესიის ისტორიულ ბირთვს შეადგენენ. მოციქულები დღესაც აგრძელებენ ეკლესიის სულით ცოცხალ, თუმცა უხილავ ბირთვად ყოფნას და მარადის ასეთად დარჩებიან. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: „გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა“ (I ინ. 1,3). ამ სიტყვებს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორიც მოციქულის თანამედროვეთათვის ჰქონდა, რადგან გვარიგებს - გვქონდეს კავშირი მოციქულთა დასთან, რომლებიც ჩვენთან შედარებით უფრო ახლოს არიან ყოვლადწმიდა სამებასთან.

მაშასადამე, ეკლესიის ისტორიული და შინაგანი მხარეებიდან გამომდინარე, მოციქულები მის დამაარსებლებად ითვლებიან. ამიტომაც არის ნათქვამი ეკლესიის შესახებ: „აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთაჲსა და წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ“ (ეფ. 2,20). ეკლესიის წოდება „სამოციქულო“ მიანიშნებს, რომ იგი დააფუძნა არა ერთმა მოციქულმა (რისი სწავლებაც დაიწყო რომის ეკლესიამ), არამედ თორმეტივემ ერთად: სხვა შემთხვევაში მას ერქმეოდა პეტრესი, იოანესი ან სხვა რომელიმე მოციქულის სახელი. თითქოს ეკლესია წინასწარ გვაფრთხილებდა, არ გვემსჯელა „ხორციელ“ შეხედულებებზე დაყრდნობით: „მე პავლესი ვარ... მე აპოლოსი ვარ, მე კეფასი ვარ“ (I კორ. 3,4). აპოკალიფსისში ზეცით გარდმომავალი ქალაქის შესახებ ნათქვამია, რომ მას „აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი“ (გამოცხ. 21,14).

სარწმუნოების სიმბოლოში აღნიშნული თვისებები: ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო - ეხება მებრძოლ ეკლესიას, მაგრამ სრულ დატვირთვას ეს თვისებები ზეციური და მიწიერი ეკლესიების ქრისტეს ერთ სხეულში გაერთიანების გაცნობიერებისას იძენს: ეკლესია ერთია ზეციურ-მიწიერი ერთობით, წმიდა ზეციური-მიწიერი სიწმიდით, კათოლიკეა და სამოციქულო თავისი უწყვეტი კავშირით მოციქულებსა და ყველა წმიდანთან.

საეკლესიო იერარქია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეს ეკლესიის წევრები ღვთის ერთ სამწყსოს შეადგენენ - ყველა მოწოდებულია, ქრისტეში აღასრულოს თავისი ცხოვნების საქმე. ყველა თანასწორია ღვთის სამსჯავროს წინაშე. მაგრამ როგორც სხეულის ნაწილებს აქვთ ორგანიზმის სიცოცხლისათვის აუცილებელი განსხვავებული დანიშნულება; როგორც, სახლში, შენობაში თითოეულ დეტალს თავისი როლი აკისრია, ასევე ეკლესიაში არსებობს სხვადასხვა სახის მსახურება. ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, უმაღლესი მსახურება იერარქიას ეკისრება. იგი გამოირჩევა რიგითი წევრობისაგან.

იერარქია დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ. „მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“ (ეფ. 4,11-13).

ეკლესიაში არავინ ადგენს თავისთავს იერარქიულ მსახურად - ამას მხოლოდ მოწოდებული და კანონიერად დადგენილი პირი ასრულებს ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით. „არავინ თავით თჳსით მოიღოს პატივი, არამედ, რომელი წოდებულ არს ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ“ (ებრ. 5,4). რა მაღალზნეობრივი ადამიანიც არ უნდა იყოს, მას არ შეუძლია იერარქიული მსახურების აღსრულება განსაკუთრებული განდობის გარეშე. შეუძლებელია პარალელის გავლება ზნეობრივი სიმაღლის ხარისხსა და იერარქიულ სიმაღლის ხარისხს შორის. აქ უნდა ვივარაუდოთ მათი სრული შესაბამისობა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

მემკვიდრეობითობა და უწყვეტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოციქულებიდან მემკვიდრეობით მიღებული ეპისკოპოსობა და მისი უწყვეტობა ეკლესიის ერთ-ერთი არსებითი მხარეა. და პირიქით - მემკვიდრეობითობის გარეშე მიღებული ეპისკოპოსობა ამა თუ იმ ქრისტიანულ დენომინაციას ართმევს ჭეშმარიტი ეკლესიის თვისებებს, თუნდაც მას სწორი დოგმატური სწავლება გააჩნდეს. ეკლესია დაარსებიდანვე ამგვარად უდგებოდა ამ საკითხს. ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიიდან“ ვიცით, რომ ძველად ყველა ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესია ინახავდა თავის ეპისკოპოსთა სიას, როგორც მემკვიდრეობითობის უწყვეტობის დამადასტურებელს.

„ჩვენ შეგვიძლია, - წერს წმ. ირინეოს ლიონელი, - ჩამოვთვალოთ ისინი, ვინც მოციქულებმა ჩვენამდე დაადგინეს ეპისკოპოსებად ეკლესიაში, და მათი მემკვიდრენი“. და, მართლაც, იგი მემკვიდრეობითობის რიგით ჩამოთვლის რომის ეკლესიის ეპისკოპოსებს თითქმის II საუკუნის ბოლომდე. მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე იგივე შეხედულებას გამოთქვამს ტერტულიანეც. იგი თავისი დროის ერეტიკოსებზე წერდა: „დაე, წარმოადგინონ თავიანთი ეკლესიების მთავრობანი და გამოაცხადონ ეპისკოპოსთა სია, რომელიც მემკვიდრეობით გრძელდებოდა ისე. რომ პირველი მათგანი დაედგინა მოციქულს, ანდა მისი წინამორბედი ყოფილიყო რომელიმე მოციქული ან მათ მოწაფეთაგან ვინმე, რომელსაც დიდხანს ჰქონდა ურთიერთობა მოციქულებთან. რადგან სამოციქულო ეკლესიები თავიანთ ეპისკოპოსთა სიას ზუსტად ასე ადგენენ. მაგალითად, სმირნის ეკლესია წარმოგვიდგენს პოლიკარპეს, რომელიც იოანემ დაადგინა: რომისა - პეტრეს მიერ ხელდასხმულ კლემენტეს. ასე და ამგვარად მიუთითებენ ეკლესიები თავად მოციქულთა მიერ ეპისკოპოსობაში აყვანილ პირებზე, როგორც მოციქულთა თესლიდან აღმოცენებულ შთამომავლობაზე“.

ეკლესია, როგორც არქიტექტურული ნაგებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც არქიტექტურული ნაგებობა, სხვადასხვა რელიგიის შენობა განსხვავებულია.

  • მართლმადიდებლური ან კათოლიკური ეკლესიის შენობა შედგება, როგორც წესი, საკურთხევლისა და მასთან ახლომდებარე სამლოცველო ნაწილისგან. მართლმადიდებლურ ტაძარში, ჩვეულებრივ, საკურთხეველი აღმოსავლეთით მდებარეობს.
  • პროტესტანტული ეკლესიების დიდ ნაწილში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლუთერანობას, ანგლიკანობასა და რამდენიმე მიმართულებას) საკურთხევლები არ არის.

ქალაქის ან მონასტრის მთავარ ეკლესიას ტაძარს უწოდებენ.

მართლმადიდებლურ არქიტექტურაში ეკლესიის გუმბათების რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. ერთი გუმბათი იდგმება ერთარსი უფლის პატივსაცემად, სამი — სამების გამოსახატად, ხუთი — მაცხოვრისა და ოთხი ევანგელისტების, შვიდი — შვიდ საიდუმლოს, ცამეტი — მაცხოვრისა და 12 მოციქულის პატივსაყოფად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი აღთქმა
  • ქრისტიანობის ისტორია I-IX სს, გ. კოპლატაძე
  • ქრისტაინობის ისტორია, ქ.პავლიაშვილი
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]