ხორბალოს ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხორბალოს ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოში.

პირველი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების და საკურთხევლის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც ნატეხი ნაწყობი კონქით იყო გადახურული (შემორჩენილია ქუსლის წყობის ნაწილი). საკურთხეველში ერთი ფართო თაღოვანი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ხვრელობი გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია, რომლებსაც გადახურვა ჩამონგრეული აქვთ.

მეორე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეკლესია დგას ახმეტა-ალვანის გზის მარცხენა მხარეს, 60 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი შედგება მცირე ზომის დარბაზული ეკლესიისა და მასზე სამხრეთიდან მოგვიანებით მიშენებული სათავსისაგან. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. მინაშენის კედლების ქვედა ნაწილი და კუთხეები ნატეხი ქვით არის ნაგები, დანარჩენი - რიყის ქვით. გვიანდელი შეკეთების დროს აგურიც უხმარიათ. ეკლესია უაბსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული (5,8 X 4 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით ხის ძელებითაა გადახურული - თარაზულად, გარედან თაღოვანია. ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მეორე ტრაპეზის ნაშთია. იგი, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ეკლესიის გრძივ კედლებზე თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ნიშის ადგილას მოგვიანებით გაუჭრიათ სამხრეთ მინაშენში გასასვლელი. შიგნით ეკლესია გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კამარით (გვიანდელია).

ეკლესიას აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი აქვს. მინაშენი (3,6 X 3 მ) ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან არაწესიერი ფორმის ქვითაა გადახურული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ბრტყლად გადახურული სარკმელია. მინაშენი გადახურულია დადაბლებული პროპორციების სხმული გუმბათოვანი კამარით, რომლის წვერიც ოდნავ შემაღლებულია. კამარის წყობაში, ოთხივე კუთხის თავზე, ერთ რიგად დაწყობილი მცირე ზომის ნატეხი ქვით გამოყვანილია თითო თაღი.

მინაშენს რიყის ქვის ცოკოლი აქვს. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის სამხრეთით მცირე შეღრმავებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]