შინაარსზე გადასვლა

საბუის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ საბუის სამხრეთ-დასავლეთით ერთ კილომეტრზე, მაღალი მთის წვერზე. განეკუთვნება XVIII-XIX საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5,3 მ). დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ხის ძელებით ყოფილა გადახურული - თარაზულად. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, მისი სიგრძე სიგანეზე ერთი მეტრით ნაკლებია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის მარცხნივ, აფსიდის ჩრდილოეთ მხართან, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია კონქით. გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სამივე სარკმელს ბრტყელი გადახურვა და ჰორიზონტალური რაფა აქვს. დარბაზის კამარა ნახევარელიფსურია. გარედან კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან პატარა ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია ქვის თხელი ფილებით ყოფილა გადახურული.