მერებაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერებაანთ საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,2 X 3,9 მ), ნაგებია რიყის ქვით და ნატეხი ქვით – ტლანქად. წყობაში აქა-იქ დამტვრეული კრამიტიცაა გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნით ხის ძელებით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის სამხრეთით ფართო თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ქვით ნაგები ტრაპეზი, რომლის წინაპირზე ოდნავ შეღრმავებული შეისრული თაღია გამოყვანილი. საკურთხეველს წესიერი ფორმის სხმული კონქი ხურავს. ეკლესიის დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული ფორმის სხმული კამარით. შემორჩენილია ფიქლის სახურავის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]