მატნის სამების ეკლესია
მატნის სამების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, კურტანიძეულების ხევის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,6 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კუთხეებში და კარ-სარკმლების თაღებისათვის გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული მოზრდილი შირიმის ქვები. ძეგლი დაზიანებულია: დასავლეთ კედელი მთელ სიმაღლეზე გარღვეულია, ხოლო აღმოსავლეთისა - გაბზარული. ჩამონგრეულია კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი ეკლესიაში დასავლეთიდანაა (შემორჩენილია მხოლოდ წირთხლები). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის გარეთა თაღი შირიმის სწორკუთხა ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშია, დასავლეთ კედელში - ერთი სარკმელი (შემორჩენილია თაღის მცირე ნაწილი). ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნის (გვიანდელია) მცირე ნაწილი. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 112.