ნაციხვარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაციხვარის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარ ნაციხვარის განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. შენობის ბირთვი, ჩვეულებისამებრ, გუმბათქვეშა კვადრატია, რომელსაც ერთვის სამი თანაბარი სიღრმის სწორკუთხა მკლავი და აბსიდიანი საკურთხეველი (შიგნითა ზომები ღერძებზე: 6 X 4,8 მ). გეგმა გარედანაც ჯვაროვანია. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისა აბსიდის ხუთწახნაგა შვერილითაა დასრულებული, დანარჩენი სამი სწორკუთხაა. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების წინ გეგმით თითქმის კვადრატული (2,8 X 2,4 მ) და თაღებით გახსნილი კარიბჭეებია. შენობის საშენ მასალად ძირითადად ფიქალია გამოყენებული. გარეთა კუთხეები და კარიბჭეების სვეტები ტლანქად დამუშავებული ქვითაა ნაწყობი. კედლები შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ეკლესიას აღარ აქვს გუმბათი, დანგრეულია საკურთხევლის ზედა ნაწილი. კარიბჭეებისგან შემორჩენილია მხოლოდ სვეტები და ალაგ-ალაგ თაღების ქუსლების ნაწილები. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მკლავის დანარჩენი სივრციდან წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის მარცხნივ, აბსიდის ჩრდილოეთ კიდეში, გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია, რომლის ნახევარი პილასტრშია მიქცეული. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ღერძებზე ნახევარწრიული თაღით გადახურული თითო განიერი სარკმელია, რომლებსაც თითქმის პარალელური წირთხლები და პორიზონტალური რაფა აქვთ. ჯვრის ოთხივე მკლავი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელთა ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის იმპოსტები. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული იყო გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამოყვანილი აფრებით. ეკლესიის ფასადები მოურთველია. შენობა გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]