ახმეტის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ახმეტის წმინდა ბარბარეს ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის დასავლეთით, მდინარე ორვილის მარჯვენა ნაპირას, ტყიან მთაზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. საკურთხევლისა და გარეთა კუთხეების წყობაში ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვაა გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარისა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილებში საპირე წყობა.
შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს გარედან აგურის შეისრული თაღი აქვს. შიგნიდან ხის ძელებით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც ბრტყელი ფიცრული გადახურვა აქვს. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდი გადახურულია სხმული კონქით. სხმულია კამარაც.
ფასადზე შესასვლელის თაღი ჩასმულია მცირე სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია კუთხურად დაწყობილი აგურის ორსაფეხურიანი ფრიზით. კარის თავზე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის გვერდებზე და ზემოთ, წყობაში ჩასმულია შირიმის თითო სწორკუთხა ფილა რელიეფური ჯვრის გამოსახულებით.
ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი ზედაპირი შეადგენდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 42-43.