ზემო ხოდაშნის დედათა მონასტრის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ხოდაშნის დედათა მონასტრის კომპლექსი — სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრზე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყეში.

კომპლექსში შედის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი-სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. კომპლექსის ყველა ნაგებობა სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და შემოვლებული აქვს არაწესიერი მოხაზულობის გალავანი.

კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას კონტრფორსებიანი საყრდენი კედლით გამაგრებულ ტერასაზე. აგებულია XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ნაგებია რიყის ქვით, მოპირკეთებულია შირიმით.

ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა (16 X 15 მ). შუა ეკლესია გვერდის ეკლესიებთან შედარებით ორნახევარჯერ უფრო ფართოა. აღმოსავლეთით, ფართო ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში, სამი თანაბარი სიმაღლის თაღოვანი სარკმელია, სარკმლებს ქვემოთ, იატაკიდან 0,4-0,5 მეტრის სიმაღლეზე - სამი ნიში. გვერდის ნიშები ბევრად უფრო პატარაა და გადახურულია ერთმანეთზე კუთხით მიბჯენილი ორ-ორი ქვით. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების პირველ საფეხურზე გადაყვანილია კედლის თაღები, მეორე საფეხურს კი, კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, ჩრდილოეთისა და დასავლეთისაში - თითო-თითო. გვერდის ეკლესიებს შუა ეკლესია თითო შესასვლელით უკავშირდება.

შუა ეკლესიას დასავლეთიდან, თითქმის მთელ სიგანეზე, სწორკუთხა კარიბჭე (6,8 X 4,2 მ) ეკვრის. კარიბჭე ეკლესიისთვის მოგვიანებით მიუშენებიაით. იგი ჩრდილოეთით და სამხრეთით დაბალი თაღებითაა გახსნილი. მთავარი შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. იგი გვერდის შესასვლელებზე ბევრად უფრო ფართოა.

გვერდის ეკლესიებს აღმოსავლეთით შვერილი აფსიდები აქვთ. სამხრეთ ეკლესია ორი განივი კედლით გაყოფილია სამ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს შესასვლელებით უკავშირდებიან. აღმოსავლეთ ნაწილის აბფსიდში და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. დასავლეთ სათავსი კვადრატული კამაროვანი ოთახია, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს.

ჩრდილოეთ ეკლესია კამარით გადახურული ვიწრო დერეფანია, რომლის აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია კონსოლებზე დაყრდნობილი კონქის თაღით. აფსიდსა და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია.

ფასადებზე სარკმლების დეკორის სქემა და შესრულების ტექნიკა განსხვავებულია. აღმოსავლეთ სამ სარკმელს ლილვები აქვს შემოვლებული. დასავლეთ სარკმლის მოჩარჩოება გრეხილი და გლუვი ლილვების მონაცვლეობითაა შედგენილი. მოჩარჩოების თაღის ქუსლები და ქვედა კუთხეები კვადრატებით არის გამოყოფილი. ქვედა კვადრატებში ამოჭრილია როზეტები. სარკმლის გარშემო ორნამენტით შევსებული სამი რელიეფური გირჩია.

სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე ორსართულიანია, გეგმით სწორკუთხა (27,5 X 8 მ). დგას ეკლესიის დასავლეთით 10 მეტრზე. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი. პირველ სართულზე, კედლის შუა ნაწილში, შესასვლელი კარია, მეორე სართულზე - ორი მოზრდილი სარკმელია.

სატრაპეზო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის დასავლეთით სატრაპეზოს (23,5 X 7,5 მ) ნანგრევებია შემორჩენილი. ეს შენობა გალავანშია ჩართული და სამხრეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აბსიდური შვერილი აქვს.

კოშკი-სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის სამხრეთით დგას გეგმით კვადრატული (8,7 X 8,7 მ) სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო, რომლის ნაწილი გალავნის ფარგლებს გარეთ არის გასული. ამ ნაწილში, პირველ სართულზე, სამხრეთ დასავლეთ კედელში, ფართო შესასვლელია (მონასტრის მთავარი შესასვლელი).

მონასტრის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]