კურტანიძეულის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურტანიძეულის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალაში, მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.

ეკლესია (10 X 6,7 მ) დარბაზულია, ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო შირიმის კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით, პილასტრებით გამოყოფილი არაწესიერი ნახევარწრფის ფორმის ღრმა აფსიდაა, აბსიდის ღერძზე - თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშია. სარკმლის ზემოთ, ერთმანეთთან ახლოს, ორი პატარა, შიგნით თაღოვანი, გარედან მრგვალი სარკმელია. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ორსაფეხურიან თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს. ნახევარწრიულია კამარაც. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ვიწრო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის ორსაფეხურიანი საბჯენი თაღი. დასავლეთ კუთხის პილასტრებზე კედლის მიმდებარე ორსაფეხურიანი საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა თაღის ქუსლებთან შირიმის რთულპროფილიანი იმპოსტებია. გრძივ კედლებზე, პილასტრებს შორის არეები, დასრულებულია კონსოლებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

ეკლესიის წარწერა

აღმოსავლეთ ფასადზე ჯვარ-სარკმლის კომპოზიციაა განთავსებული. საკურთხევლის თაღოვან სარკმელს შემოვლებული აქვს ოთხი ლილვისგან შედგენილი ჩარჩო, რომელთაგანაც ერთ-ერთი (შიგნიდან მეორე) ურთიერთმკვეთი ხაზებითაა გაფორმებული. ჩარჩოს გარეთა ორი ლილვი ებმის, სარკმლის ზემოთ მდებარე რელიეფური ჯვრის ჩარჩოს. ჯვრის სამი მკლავი და ქვედა მკლავის ზედა ნახევარი რვიანების მსგავსი ორნამენტითაა შემკული, ხოლო ქვედა მკლავის ქვედა ნახევარი - ღეროზე ჩამოცმული რგოლებით. ჯვრის ქვედა მკლავის გვერდით (სამხრეთით) ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: ,,წ(მიდა)ო მ(ა)რ(ი)ნე, მ(ე)ოხ ეყ(ა)ვ კ(ა)ხ(ე)თსა“. წარწერის ქვემოთ, მკლავის ძირის დონეზე, გვერდებზე, თითო მრგვალი სარკმელია. ორივე სარკმელი ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ირგვლივ წრიული ჩარჩო ევლებათ, ღიობში კი ტოლმკვლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარია გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ორსაფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი თითო პატარა რელიეფური ჯვარია, სარკმლის თაღის მარცხენა მხარეს კი, ერთ დონეზე, სამი პატარა რგოლია განლაგებული, რომელთაგანაც განაპირა მარცხენაზე, რელიეფურ თაღში ჩასმული მცირე ჯვარია ჩადგმული. დასავლეთ ფასადი თითქმის თავდაპირველი სახითაა მოღწეული.

შესასვლელს ევლება ოთხი ლილვისგან შედგენილი სწორკუთხა ჩარჩო, რომლის გარეთა ორი ლილვი, კარის თავზე, შეჯგუფებულია, მიემართება ზემოთ და ებმის სარკმლის თაღოვან ჩარჩოს. იგი შედგენილია შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირით, რომელიც შემკულია რვიანების მსგავსი ორნამენტით. სარკმლის მოჩარჩოებაზე დადგმულია მცირე ზომის რელიეფური ჯვარი, რომლის ორივე მხარეს თითო ხვიაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების შუა ნაწილში ლილვებით მოჩარჩოებული თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმლის ქვემოთ სწორკუთხა კარია, რომელსაც ლილვებით შედგენილი ჩარჩო ევლებოდა. ეკლესიის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, გეომეტრიული ორნამენტით შემკული წრეთარგი და ლილვი.

კურტანიძეულის წმინდა მარინეს ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]