შინაარსზე გადასვლა

დუისის ეკლესია (ღვინეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუისის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუისში. დგას სოფლის აღმოსავლეთით 800 მეტრზე, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირას, ღვინეთად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (5,9 X 4,25), ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან ბათქაშითაა მოსწორებული.

შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთ კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან - სწორკუთხა. ჩრდილოეთ კარი ორივე მხრიდან თარაზულად ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი).

აღმოსავლეთით კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც გრძივი კედლებისგან ორ-ორი საფეხურითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელთან, ტრაპეზია (წაქცეულია). საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელით (გვიანდელია), რომლის ღერძზე აღსავლის კარია, გვერდებზე - თითო თაღოვანი ღიობი. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ სარკმლის თაღის წვერი კამარის ქუსლის დონეზეა. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლისგანაც მხოლოდ ჩრდილოეთ გვერდის ნაწილიღა შემორჩა.

ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის რამდენიმე ქვა.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით ოციოდე მეტრზე, ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით ნაშენი, გეგმით კვადრატული (8,7 X 8,7 მ) ნაგებობის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებია შემორჩენილი. დასავლეთ კედელს შესასვლელის სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილი შემორჩა.