ხორხელის წმინდა დემეტრეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორხელის წმინდა დემეტრეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორხელის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9 X 6.5 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ფასადებზე მორთულობის ელემენტები აგურისაა. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, კამარის სამხრეთ ფერდის დასავლეთ ნახევარი; სახურავზე ხეებია ამოსული; შენობის განივ კედლებს, მთელ სიმაღლეზე, ფართო ბზარი დაუყვება. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ჩრდილოეთს კარი შეკეთების დროს ამოუქოლავთ. ორივე შესასვლელს შიგნიდან ხის ძელების ბრტყელი გადახურვა აქვს. ჩრდილოეთის კარი გარედან სწორკუთხაა. დასავლეთისას აგურის თაღი ჰქონია (შემორჩენილია სამხრეთ ქუსლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზეც მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ძირი საფეხურებიანია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელს ოთხწახნაგა ტრაპეზი ეკვრის. აფსიდის მხრების ხაზზე აგებული კანკელი (დანგრეულია) გვიანდელია. კვადრატული დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზეც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღია გადაყვანილი. დასავლეთ კედელში ერთი სარკმლია. ეკლესიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები გაფორმებულია შეღმავებული სწორკუთხა არეებით, რომლებიც დასრულებულია ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღებით და მათ თავზე გამავალი ხერხულა ზოლით. აღმოსავლეთ ფასადზე ერთი შეღრმავებაა, გრძივ ფასადებზე - ორ-ორი. აღმოსავლეთ შეღმავებაში ორ საფეხურად განლაგებული თაროების ორი მწკრივია. ზედა მწკრივში საკურთხევლის სარკმელია მოქცეული. სარკმლის ზემოთ, ხერხულა ზოლით გამოყოფილ ფრონტონზე, აგურის წყობის შეღმავებით გამოსახულია მაღალ პოსტამენტზე დადგმული ჯვარი. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გვერდებზე, თითო განიერი და მაღალი ყრუ თაღია. შესასვლელის ზემოთ, სარკმლის ორივე მხარეს, ორ-ორი თაღით გაფორმებული თითო სწორკუთხა შეღრმავება, რომლებიც დასრულებულია ფრონტონის ძირის დონეზე გამავალი ხერხულა ზოლით. ფრონტონზე, ერთ დონეზე, ორი პატარა კვადრატული შეღმავებაა, რომლებშიც ჩასმულია სხვადასხვა ფერის თითო ფილა: სამხრეთისაში ღვინისფერი, ჩრდილოეთისაში - მოყვითალო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]