მაღრაანის ღვთაების ეკლესია (XVIII საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრაანის ღვთაების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში, დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (9,5 X 6,4 მ), ნაგებია კარგად შერჩეული და ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი რიყის ქვით. კამარა, საბჯენი თაღები და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. აგურია მოგებული ეკლესიის იატაკზეც. შენობა შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. 1986 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია; განუახლებიათ სახურავი და დასავლეთ კედელზე, ადრე არსებული სამრეკლოს შემორჩენილ საფუძველზე, ახალი სამრეკლო დაუდგამთ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარი შიგნით ხის ძელებითაა გადახურული, ხოლო გარედან - შეისრული თაღით. სამხრეთის კარი გადაკეთებულია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდაა. აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს - თითო თაღოვანი, გეგმით ნახევარწრიული ნიში. სამხრეთ ნიშის ზემოთ, მოწყობილია მცირე სამალავი. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი სათოფურით აღჭურვილი ნიშია. საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აბსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა, ერთსაფეხურიანი პილასტრების წყვილთა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთა შორის დასავლეთის თითქმის ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას. თითო პილასტრია დასავლეთის კუთხეებშიც, რომლებზე კედლის მიმდებარე თაღია დაყრდნობილი. თაღების ქუსლებთან აგურით ნაწყობი იმპოსტებია. მათ პროფილს თარო, დახრილი სიბრტყე და ლილვი შეადგენს. ეკლესიის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე, თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ სარკმლის ქვემოთ ერთი შეწყვილებული სათოფურია, ჩრდილოეთ სარკმლის ქვემოთ - ერთი ცალმაგი სათოფური. ერთი ცალმაგი სათოფური ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილშიცაა. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკე ყოფილა (გრძივ კედლებზე შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). განივი ფასადების ფრონტონების წვერში აგურის წყობის შეღრმავებით, თითო ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი ჩასმულია კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეში, რომელსაც აგურის სამსაფეხურიანი ფრიზი აგვირგვინებს. შესასვლელის თავზე პატარა სწორკუთხა ნიშია. კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით (შემორჩენილია ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]