ბზიანის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბზიანის საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის სამხრეთ-დასავლეთით 5 კილომეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია (5,6 X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. კედლების გარეთა მოპირკეთებაში საკმაოდ მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. ეკლესიაში ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდაა, რომელიც დარბაზისაგან მკვეთრად შვერილი პილასტრებითა (გვიანდელია) და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღით გამოიყოფა. აბსიდის ღერძზე შირიმის თლილი ქვებით გამოყვანილი თაღოვანი სარკმელია. აბსიდში სხვადასხვა ფორმისა და ზომის რამდენიმე ნიშია. მსგავსი ნიშებია დარბაზის კედლებშიც. ჩრდილოეთ კედლის ერთ-ერთ ნიშში სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ტრაპეზი დგას. აბსიდი კონქით არის გადახურული, დარბაზი - ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე გეგმით ტეხილი მოხაზულობის სწორკუთხა ნიშებია. კედლები დასრულებულია შირიმის მარტივი პროფილის ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]