ჟამთა საყდარი
ჟამთა საყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთით 500 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (17,2 X 9,2 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა მაინცდამაინც წესიერი არაა, თუმცა რიგების ჰორიზონტალურობა ნაწილობრივ დაცულია. შესასვლელების წირთხლების წყობაში და აქა-იქ (ძირითადად კუთხეებში) შირიმის თლილი ქვაა გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია საბჯენი თაღები; კამარა და კონქის ნაწილი; მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი. ძეგლი ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ საამშენებლო ფენას შეიცავს. ახლანდელი ეკლესია აგებულია ამ ადგილას მდგარი, როგორც ჩანს VIII - IX საუკუნეებში დანგრეული და მიტოვებული ეკლესიის ადგილზე, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთიანი გარშემოსავლელი ეკვროდა, ჩრდილოეთიდან კი, ეკლესიაზე ოდნავ მოკლე მინაშენი. გვიანდელ შუა საუკუნეებში, ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დროს, განუახლებიათ მხოლოდ ეკლესია, გარშემოსავლელი და ჩრდილოეთ მინაშენი კი ხელუხლებლადაა დატოვებული. მომდევნო ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ამ დროს აღუდგენიათ საბჯენი თაღები და კამარა, ხოლო ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიუშენებიათ საკმაოდ განიერი კედელი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ შესასვლელი შიგნით კვერცხისებრი თაღითაა გადახურული. თაღის მალი ღიობზე ოდნავ განიერია და ქუსლის დონეზე თითო პატარა საფეხურს ქმნის. შესასვლელს გარედან შირიმის არქიტრავი ჰქონია გადახურული (შემორჩენილია კვალი). დასავლეთ შესასვლელიდან მხოლოდ წირთხლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით, ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც გარეთა მოპირკეთება ჩამოშლილი აქვს. სარკმლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ოვალური და ღრმა ნიში-სამალავია, რომელთა ბრტყელი გადახურვა და კონქის საფუძველი ერთ დონეზე მდებარეობს. აფსიდს, მთელ სიგრძეზე, ფართო საფეხური გასდევს. აფსიდი გადახურულია დადაბლებული კონქით. კონქი ქარგილებითაა ნაშენი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი მკვეთრად შვერილი პილასტრია, რომლებზეც აგურის საბჯენი თაღები (გვიანდელია) ყოფილა გადაყვანილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა ეკლესიის კედლებში კიდევ ოთხი სარკმელია გაჭრილი. თითო-თითო დასავლეთით (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის ნაწილი) და ჩრდილოეთითაა (შემორჩენილია ძირი), ორი - სამხრეთით.
ეკლესიის ფასადები სადაა და ერთგვაროვანი. სამხრეთ სარკმელი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ირგვლივ ტლანქად ნაკვეთი ლილვი ევლება. ღიობის ზედა ნაწილი (გვიანდელია) კი რიყის ქვისაა. შენობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის წყობაში ჩართულია შირიმის მოზრდილი ქვა. რომელზეც შეწყვილებული ლილვია გამოკვეთილი. თავდაპირველი ნაგებობის გარშემოსავლელი და ჩრდილოეთ მინაშენის კედლები თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული. შემორჩენილი ნაწილები სწორ ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი თანაბარი ზომის რიყის ქვითაა ნაშენი. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთით ჰქონია ნახევარწრიული აბსიდი, ხოლო სამხრეთით, როგორც ჩანს, სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი (შემორჩენილია აღმოსავლეთ თაღის აღმოსავლეთ წირთხლის მცირე ნაწილი). ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ მინაშენში და გარედან, მინაშენის სამხრეთ კედლის გაყოლებით, 1967-1969 წლებში გაითხარა სამაროვანი. ძეგლი მრავალფეროვანია. პირველი ფენა შეიცავდა შირიმის ფილებით ნაგებ, IX-X საუკუნეების სამარხებს, მათ შორის რამდენიმეს ორფერდა სახურავი ჰქონდა. მეორე ფენაში ქვიშაქვის უსწორმასწორო ფილებით ნაგები XI - XIII საუკუნეების ქვაყუთები აღმოჩნდა. ქვაყუთებში იყო მინის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოსა და ვერცხლის ბეჭდები, მინის სამაჯურები, საყურეები, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები. მესამე ფენას ქმნიდა გვიანდელი შუა საუკუნეების (XIV-XVII სს.) უინვენტარო სამარხები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 110-111.