ახმეტის ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახმეტის ეკლესიები — ეკლესიები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახმეტაში.

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია დგას ქალაქის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ბითანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

XX საუკუნის 70-იან წლებში ეკლესიას საბანკეტო დარბაზი დააშენეს და შიგნიდან და გარედან ცემენტის ხსნარით შელესეს. ამის გამო ეკლესიას თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილი აქვს.

ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4,4 მ). სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თარაზულად გადახურული ვიწრო სარკმელია, რომლის ნაწილი კონქის ფარგლებშია შეჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. დარბაზის სიგანე მის სიგრძეს აღემატება, გადახურულია ნახევარწრიული კამარით. დასავლეთ კედელში ერთი ვიწრო სარკმელია, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს. ეკლესიის ფასადები ზეთის საღებავებითაა შეღებილი.

მეორე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეკლესია დგას უტოს უბნის სამხრეთით ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,3 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში ტლანქად დამუშავებული შირიმია გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის ზემოთკენ შევიწროებულ ღიობს მოზრდილი ქვიშაქვა ხურავს. გეგმით ტრაპეციისმაგვარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სარკმელს საფეხუროვანი , გარეთკენ შემაღლებული გადახურვა აქვს. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ქვით ნაშენი ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია ღორღისა და დუღაბის სხმული კონქით, რომლის თაღი სამხენტრიანია; ანალოგიური ფორმისა და მასალისაა კამარაც.

დარბაზის დასავლეთ კედელში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, კედლის სისქეში მოწყობილია პატარა სამალავი. ეკლესიას შირიმის თაროსებრი ლავგარდნის მცირე ნაწილი შემორჩა.

მესამე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეკლესია დგას უტოს უბნის სამხრეთით, 500 მეტრზე, ტყეში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (4,5 X 3,4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები და გრძივი კედლების აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრ აფსიდში ვიწრო სარკმელია, რომელიც აფსიდის ღერძიდან რამდენადმე ჩრდილოეთითაა გადაადგილებული. შემორჩენილია დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის წირთხლის მცირე ნაწილი.

მეოთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე ეკლესია დგას ხევის უბანში, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში. თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 6 მ), ნაშენია რიყის ქვით, აგურით და კირის დუღაბით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. აგური კონსტრუქციული ნაწილებისა და კარ-სარკმლების წყობაშია გამოყენებული. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი, მონგრეულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე.

შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ნახევაწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან აგურის სამთაღიანი კანკელითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია მოწყობილი. საკურთხევლის შუაში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონებზე აგურის წყობის შეღრმავებით თითო ჯვარია გამოსახული. სამხრეთის შესასვლელის ზემოთ, წყობაში ჩასმულია ქვიშაქვის სწორკუთხა ქვა მხედრული წარწერით, რომლის თანახმადაც ეკლესია მაღალაშვილებს აუგიათ.

მეხუთე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე ეკლესია დგას სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9,3 X 5,6 მ), ნაშენია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლები (სიმ. 2-2,5 მ) მთლიანად მცენარეულობითაა დაფარული.

შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია . აღმოსავლეთით გეგმით ნახევარწიული ღრმა აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ნაშთია შემორჩენილი. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.

მეექვსე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეექვსე ეკლესია დგას უტოს უბანში, ბერდუკას წყაროსთან, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით კვადრატული (4 X 4 მ). ნაგებია მოზრდილი რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. შემორჩენილია განივი კედლების სამხრეთ ნახევარიდა სამხრეთ კედელი მცირე სიმაღლეზე (კედლების სისქე 1 მეტრამდეა). დანარჩენი ნაწილი მიწითა და ჯაგნარითაა დაფარული. ნახევარწრიული აფსიდის შემორჩენილ ნაწილში ერთი პატარა სწორკუთხა ნიშია.

მეშვიდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე ეკლესია დგას უტოს უბანში. გაეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 5,7 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კედლები შიგნით შელესილი ყოფილა (შემორჩენილია ფრაგმენტები). ძლიერ დაზიანებულია. მთელ სიმაღლეზე მხოლოდ საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი; დანარჩენი კედლები მხოლოდ 1,2-1,5 მეტრის სიმაღლეზე დგანან. აღმოსავლეთით ნახევაწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან ფართო მხრებითაა გამოყოფილი. მხრების ქვედა ნახევარი ორსაფეხურიანია, ზედა — ერთსაფეხურიანი. აფსიდის ღერძზე ფართო, სწორკუთხა სარკმელია, რომლის მარჯვნივ პატარა, გეგმით ტეხილი ფორმის ღრმა ნიშია. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული.

მერვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერვე ეკლესია დგას ახმეტის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე, ახმეტა-მთიანეთის გზის მარჯვენა მხარეს, ვენახებში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,8 მ), ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კუთხეები და შესასვლელის წირთხლები მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, ლავგარდანი და საპირე წყობის ნაწილი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გარედან შირიმის ორი ქვისგან შედგენილი თაღი ახურავს, შიგნიდან კი ძელოვანი გადახურვა ჰქონია. აღმოსავლეთით დეფორმირებული ნახევაწრის ფორმის აფსიდში ერთი ვიწრო სარკმელია, რომელსაც თარაზული გადახურვა და ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ კედელზე სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კონქით. აფსიდის კედელი გრძივ კედლებს უშუალოდ შეერთვის. დარბაზის სამივე კედელში თითო ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. კამარა სხმულია — ტლანქი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]