შინაარსზე გადასვლა

მაღრაანის წამებულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრაანის წამებულის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მაღრაანის დასავლეთით 2 კილომეტრზე, ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება XVI საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (4,9 X 3,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარის ღიობი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი და შეისრული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელშიც მაღალი თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზი ყოფილა მიდგმული (შემორჩენილია კვალი). დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი მცირე ზომის სარკმელია. კამარა ნახევარწრიულია. ეკლესიის საკურთხეველში, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში მხატვრობის სამი რეგისტრია: პირველ რეგისტრში გამოსახულია ვედრება, მეორეში მოციქულთა წელზედა გამოსახულებები, მესამეში - ხატი მიძინებისა და ეკლესიის მამები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მირქმის, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე ფერისცვალების ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილში მამაკაცის ფიგურის კონტური (ქტიტორი) გაირჩევა. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია (შემორჩენილია ფრაგმენტები). შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.