ზემო ხალაწნის ბზიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხალაწნის ბზიანის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შენობა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული და გარედან ბზის ხეებითაა დაფარული.

ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (6 X 5 მ) დარბაზული ეკლესია და სამხრეთ მინაშენია ჩაწერილი. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. კარი მინაშენის მხრიდან თაღოვანია, შიგნიდან - სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ღრმა ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი ერთი სარკმელია სამხრეთ კედელშიც, რომელიც მინაშენში გადის. აფსიდი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით.

მინაშენი აღმოსავლეთით სწორი კედლით დასრულებული და ცილინდრული კამარით გადახურული ვიწრო სათავსია. ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი მას სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. მინაშენი ორი სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. მათგან ერთი აღმოსავლეთ კედლის ღერძზეა, მეორე — სამხრეთ კედელში. შენობის გარშემო ქვევრებია ჩაყრილი. აქა-იქ შეიმჩნევა გალავნის ნაშთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]