საჩალის ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჩალის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალეში.

პირველი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,6 მ), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით. გარედან შელესილი ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები (სიმაღლე 2,5 მ) და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილი (სიმაღლე 1,7 მ). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით, მოკლე მხრებით გამოყოფილი სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის აღმოსავლეთ კედელში ერთი ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედელში კი - ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიში.

მეორე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (6,2 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. აფსიდის კუთხეებში შირიმის გათლილი ქვაა გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და დასავლეთ კედელი; ჩრდილოეთ კედელი 1,7 მეტრის სიმაღლეზე დგას, სამხრეთისა - თითქმის მთლიანად დანგრეულია. ინტერიერი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული. აბსიდს გეგმით სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. აბსიდში დაბალი და ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, რომლის გარეთა ღიობი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. აბსიდის ჩრდილოეთ გვერდში, ერთ სიმაღლეზე, ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. ნიშების ზემოთ, კონქის ქუსლის დონეზე, პატარა სწორკუთხა ხვრელია, რომელიც კედელში მოწყობილ სამალავს უკავშირდება. კონქის ზედაპირი აბსიდის კედელს არ ერწყმის და მათი შეხვედრის საზღვარზე პატარა საფეხურია შექმნილი.

მესამე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,5 მ), რომელსაც სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, თანადროული მინაშენი ეკვრის. ძეგლი ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში, გარეთა კუთხეებსა და კედლების საპირე წყობაში ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვაა გამოყენებული. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი; ჩამოშლილია სახურავის საფარი, ლავგარდანი და კედლების საპირე წყობის უმეტესი ნაწილი; სამხრეთ მინაშენიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი დგას, დასავლეთ ნაწილი კი, 0,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდანაა. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. მსგავსი თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. გარედან დასავლეთ სარკმელი შირიმის ორ ქვაშია გამოკვეთილი. აბსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით. ინტერიერში კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა (შემორჩენილია კვალი). მინაშენი განივი კედლით ორ ნაწილად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილი სამლოცველოა, დასავლეთ ნაწილი კი - კარიბჭე. კარიბჭეში შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა (შემორჩენილია წირთხლების ნაწილები), სამლოცველოში კი - დასავლეთიდან - კარიბჭიდან. სამლოცველოს ნახევარწრიულ აბსიდში ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდი დარბაზისგან მხრებით არის გამოყოფილი. დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი პატარა, კვადრატული ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]