კოღოთოს უსანეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოღოთოს უსანეთის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. დგას სოფლის განაპირას, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (12,4 X 7,6 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა; კამარა, საბჯენი თაღები, კონქი, კარ-სარკმლების წირთხლები, თაღები და იატაკი - აგურის. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ფასადებზე შელესილობა თითქმის მთლიანად ჩამოშლილია.

შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანია, შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, შიგნით ისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. ერთი მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელში, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთისაში - ორ-ორი.

გრძივ კედლებზე სამ-სამი ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით საკურთხეველი გამოყოფილია დარბაზისგან. ერთი საბჯენი თაღი დასავლეთ კედლის გასწვრივაა. იგი კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი.

აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის თაღთან და მარცხნივ, კედელში, თითო პატარა ქვევრია ჩასმული. საკურთხევლის ბაქანი რამდენადმე წინაა წამოწეული, დარბაზის იატაკის მიმართ შემაღლებულია საფეხურით და წინიდან, შუაში, ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის.

დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკე ყოფილა (შემორჩენილია იატაკის საყრდენი ორი ძელი). ფასადები სადაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით თითო ჯვარია გამოყვანილი.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმულია ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი, ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სამრეკლო, რომელსაც თუნუქით შემოსილი პირამიდული სახურავი აქვს.

ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. სახურავი ღარისებრი კრამიტისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]