შინაარსზე გადასვლა

თეთრი გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი გიორგი
თეთრი გიორგი კავკასიონის მთების ფონზე

თეთრი გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამხრეთით 2 კმ-ზე, მაღალ გორაზე. კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII საუკუნეებს, სამრეკლო – XVI საუკუნისაა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.

ეკლესია გუმბათოვანია, თავისუფალი ჯვრის ტიპისაა, აქვს ძლიერ წაგრძელებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები. შენობა სამი სამშენებლო ფენისაგან შედგება, ყველაზე უადრესია აღმოსავლეთის მკლავი, გუმბათი XVI საუკუნისაა და მთლიანად აგურისაა. 1988 წელს ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ.

თეთრი გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაული 14 აგვისტოს (ახალი სტილით 28 აგვისტოს) იმართებოდა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

ეკლესია მოქმედია და ექვემდებარება ალავერდის ეპარქიას.

ეკლესიას თეთრი გიორგისა ეწოდება თეთრი ცხენის გამო, რომელზე ამხედრებულადაც ის არის გამოსახული ხატზე.[1]

  1. კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 83, ISBN 978-99940-27-10-1.