ოჟიოს კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოჟიოს კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე გარკვეული ინტერვალით აგურის თარაზული შრეებია ჩართული. აგურითაა ნაწყობი კამარა, კონქი, საბჯენი თაღები და კარ-სარკმელთა ღიობები. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. გარედან ეკლესიის კედლებზე ბათქაშის კვალია შერჩენილი. შესასვლელი ეკლესიაში სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი შეისრული თაღითაა გადახურული და გარედან კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი ორსაფეხურიანი ფრიზი აგვირგვინებს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ორი სადა პილასტრითა და მათზე დაბჯენილი ნახევარწრიული თაღით. ღრმა ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია (ამოშენებულია), რომლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად განლაგებული, ორ-ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის მიმდებარე ნიშები გეგმით ნახევარწრიულია, რამდენადმე მოზრდილი და ღრმაა. მათგან ჩრდილოეთისაში მცირე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომელიც ჩრდილოეთ ფასადზე გადის. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ საფეხურთაა შემაღლებული. იგი აბსიდის გამმიჯნავი პილასტრებიდან რამდენადმე წინაა წამოწეული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა ერთსაფეხურიანი პილასტრების ორი წყვილით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღებით სამ ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრების ერთი წყვილია დასავლეთ კუთხეში, რომლებსაც კედლების მიმდებარე თაღი ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა ეკლესიის კედლებში კიდევ შვიდი, შიგნიდან და გარედან, ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. მათგან სამ-სამი გრძივ კედლებშია - ერთმანეთის პირდაპირ, ხოლო ერთი - დასავლეთ კედელში. იატაკი აგურისაა.

კონქში შემორჩენილია XIX საუკუნის ფრესკული მხატვრობა. მუქ ლურჯ ფონზე მამაღმერთის წელზედა გამოსახულებაა. მამაღმერთი ორივე ხელით აკურთხებს (მარჯვენა ხელი ძლიერ დაზიანებულია). ნახატს ახლავს ასომთავრული წარწერა. მის ქვემოთ გამოსახულია სულიწმიდა, ხოლო სულიწმიდის ორივე მხარეს, ჰორიზონტალურად გაშლილი ღრუბლების ფონზე - ორ-ორი ანგელოზი. სამხრეთით, ანგელოზთა წინ, გამოსახულია მონაცისფრო-თეთრი სფერო, რომელსაც აგურისფერი ჯვარი ადგას. ფიგურები დიდი ზომისაა. მხატვრობის შესრულების მანერა უახლოვდება დასავლეთევროპულ რეალისტურ ხელოვნებას. ამავე დროს რიგი ნიშნებით იგი უკავშირდება შუა საუკუნეების მხატვრობას. განსხვავებული მხატვრული ხერხების ამგვარი შეთავსება მოხატულობას ეკლექტიკურ ხასიათს ანიჭებს. მხატვრობის კოლორიტში ჭარბობს მუქი ლურჯი, ყავისფერი, მოვარდისფრო-ყავისფერი, მღვრიე ყვითელი და მონაცისფრო-თეთრი ფერები. განივ ფასადებზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია თითო მაღალი ჯვარი. დასავლეთით, ფრონტონის წვერზე, დგას ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომლის პირამიდული სახურავი აგურისაა. ეკლესიას აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი აქვს (ჩვეულებრივად დაწყობილ აგურის ორ რიგს შორის მოქცეულია კუთხით შვერილი აგურების ერთი რიგი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]