შინაარსზე გადასვლა

ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის დასავლეთით. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთიდან და დასავლეთიდან იმავე პერიოდის მინაშენი ეკვრის (11,5 X 8,5 მ). სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სათავსია (სადიაკვნე) გამოყოფილი, რომელიც ეკლესიას ვიწრო სწორკუთხა კარით უკავშირდება. მინაშენის დასავლეთ ნაწილი აფსიდით დასრულებული მოკლე დერეფანია, იგი დასავლეთ მინაშენთანაა შერწყმული და მასთან ერთად ქმნის ეკლესიის ორმხრივ გარშემოსავლელს.

შენობა მთლიანად ნატეხი ქვითაა აგებული. გარეთა კუთხეებისა და კარ-სარკმლების წყობაში გამოყენებულია შირიმი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის კამარა, კონქი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მთლიანად მიწითაა დაფარული დასავლეთ მინაშენი და ჩრდილოეთ ფასადის ქვედა ნახევარი. ეკლესიის ინტერიერი 1-1,5 მ-ზე მიწით და კედლების ნაშალითაა ამოვსებული.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით (ამოშენებულია). ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. მოგვიანებით საკურთხეველი დარბაზისგან კანკელით გაუმიჯნავთ, რომლის ნაშთი ნანგრვებითაა დაფარული. ეკლესიის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. მათ თარაზული გადახურვა ჰქონიათ.