ტრაპეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრაპეზი

ტრაპეზი (ბერძნ. Τράπεζα — „მაგიდა“) — ტაძარში, ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის ადგილი, საიდანაც ხდება კურთხევა. ტრაპეზად მოიაზრება, როგორც საკურთხევლის ნაწილი, ისე თავად ოთხკუთხა (ხის ან ქვის) მაგიდა, რომელიც როგორც წესი საკურთხევლის შუაგულში მდებარეობს ან უშუალოდ აღმოსავლეთ კედელთანაა მიდგმული.

ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მსოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები. ტრაპეზი ოთხკუთხა და მირონცხებული მაგიდაა ძვირფასი ქსოვილით შემკული. მასზე ასვენია ლიტურგიისათვის აუცილებელი სიწმინდეები: ოდიკი, სახარება, წმიდა სანაწილე, ჯვარი, შვიდსანთლა.

საკურთხეველი წარმოადგენს აღმოსავლეთით, კანკელს მიღმა სივრცეს. მას ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება სამკვეთლო და სადიაკვნე. საგულისხმოა ის ფაქტი რომ VI საუკუნემდე საქართველოს ტაძრებისათვის არ იყო დამახასიათებელი დღევანდელი სამნაწილიანი საკურთხველი. სადიაკვნე და სამკვეთლო ამ დროს ტაძრის გარეთ აგებულ შენობებში იყო მოწყობილი, ან სამკვეთლოს მაგიდა საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელთან იდგა. XVII საუკუნიდან, რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების შემდგომ, სამკვეთლოსა და საკურთხეველს ერთი საერთო კანკელი ჰყოფთ შუა ტაძრისაგან. დღეს ასეთ სამნაწილედ საკურთხველიან ეკლესიებში საკურთხევლად იწოდება არა მარტო ის ადგილი, სადაც ტრაპეზი მდებარეობს, არამედ კანკელს მიღმა სივრცე, რომელიც სადიაკვნესა და სამკვეთლოს მოიცავს.

საკურთხევლის (როგორც კანკელის მიღმა სივრცის) პარალელურ ტერმინად ძველ წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში გვხვდება ტრაპეზიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ძველად ის არ გულისხმობდა სადიაკვნესა და სამკვეთლოს.

წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში ტერმინი ტრაპეზი გვხვდება, აგრეთვე ტაბლის, სუფრის აღსანიშნავად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.
  • ლ. ხაჭაპურიძე, „ერთი საეკლესიო ტერმინისათვის (ტრპეზი)“, ქართველური მემკვიდრეობა, 1998, გვ. 316-321