შახვეტილის ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შახვეტილის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში.

პირველი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,5 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელსაც შუა ნაწილი განგრეული აქვს. აფსიდში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.

მეორე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეკლესია მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მთაზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარი, დასავლეთისა - მიწაშია ჩაფლული. ეკლესია ორნავიანია (6 X 6 მ), ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. ნავები ერთმანეთს ორი ფართო თაღით უკავშირდებოდა (შემორჩენილია აღმოსავლეთ თაღის ორივე ქუსლის წყობის ნაწილი). ორივე ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით იყო დასრულებული. ცენტრალური ნავის აფსიდის კედელი (სიმაღლე 1,2 მ) მთელ სიგრძეზეა შემორჩენილი. სამხრეთ ნავის აფსიდის კედლიდან კი - მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილი, რომელშიც მცირე ზომის ერთი სწორკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთ ნავს სამხრეთიდან პქონია (შემორჩენილია წირთხლის კვალი).

მესამე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კედლების შემორჩენილი ნაწილები ამჟამად 0,3-0,6 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. ეკლესია დარბაზულია (5,8 X 3,4 მ). ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. აღმოსავლეთით ელიფსური ფორმის აფსიდაა, რომელიც გრძივი კედლებიდან მხრებით არის გამოყოფილი.

მეოთხე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, ტყით დაფარულ ბორცვზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (6,6 X 4,8 მ), ნაგებია რიყის ქვისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. წყობაში გამოყენებული ყოფილა შირიმიც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]