ნაკაშიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაკაშიძეები
გერბი
პერიოდი XVII-XIX საუკუნეები
ტიტული თავადი
წარმოშობის ადგილი გურია
ქვეშევრდომობა გურიის სამთავრო გურიის სამთავრო
სამფლობელოები გურიანთა, ბაილეთი, მაკვანეთი

ნაკაშიძეებიქართული გვარი, გავრცელებულია გურიაში. ნაკაშიძეებს, როგორც გურიის სამთავროს ერთ-ერთ „უწარჩინებულეს“ თავადურ გვარს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერის მიხედვით გვარი ნაკაშიძე მოდის დიარბაქირის წინამძღვარიდან, რომელსაც ეწოდებოდა ნაყაშ, რადგან მხატვრობა იცოდა. სიტყვა ნაყაში თურქულ ენაში შესულია არაბულიდან და მხატვარს ნიშნავს. ნაყაშის შვილები საქართველოში, გურიაში დამკვიდრდნენ და თავადობა მიიღეს 1231 წლიდან. ეს ცნობა სარწმუნოდ არაა მიჩნეული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ნაკაშიძეები გურიის ადგილობრივი მკვიდრი თავადები იყვნენ.

პროფესორ იური სიხარულიძის აზრით ნაკაშიძე მოდის სვანური ნაკანიდან, რომელიც მოგვიანებით ნაკაშიდ გადაიქცა. სიხარულიძის მიხედვით, თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და ნაკაიძეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათავადოს წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი ნაკაშიძე პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იხსენიება ვახტანგ I გურიელის დარბაზის ერში. იმავე მამუკა ნაკაშიძეს იხსენიებს XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩი. მამუკა ნაკაშიძე და მისი ოჯახის წევრები იხსენიებიან ციხის ღვთისმშობლის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატისა და ფრესკულ წარწერებში. ეს ეკლესია მამუკა ნაკაშიძემ ააშენებინა, მოახატინა და ხატიც ოქროთი დააფერინა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები დიმიტრი ბაქრაძემ ნახა ციხის ეკლესიაში 1873 წელს.[2] მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. ეს უკანასკნელი მამია II გურიელის ერთგულებით მოკვდა. მამუკა ნაკაშიძეს უკავშირდება ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება

ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს გურიანთა, ვაშნარი, ციხე, ჭანიეთური, გამოღმა ბაილეთი, ახალსოფელი, მაკვანეთი. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს ჩოჩხათში, ზედუბანში, ლანჩხუთში, გოგორეთში, ასკანაში, ხარაულში, ოქროსქედში, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში, მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე ნატანების ქვემო წელზე. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი ვაშნარი. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა. ნაკაშიძეებს გურიელების კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა, ერმენის მებაჟეობა. გიორგი III გურიელის დროს იხსენიება მამუკა ნაკაშიძე, რომელსაც მეღვინეთუხუცესის თანამდებობა ეეკავა.

ბეჟან და გიორგი ნაკაშიძეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო მამია III გურიელის მესტუმრეთუხუცესი და დესპანი სტამბოლში, გააჩაღა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ბეჟანის მამა ასევე გურიელის მესტუმრეთუხუცესი იყო. ბეჟანის მეუღლე იყო თეთრუა ნიჟარაძე და ჰყავდა სამი ძე, მამუკა, გიორგი და ხვაზანაი. XVII საუკუნის ბოლოს მამუკა ნაკაშიძე იყო ქალაქთუხუცესი მთავრის კარზე. ბეჟანის მემკვიდრე იყო გიორგი ნაკაშიძე. ბეჟან და გიორგის ნაკაშიძეების ბრძანებით მღვდელმა საბამ დაწერა „ციხის გულანი“, იგივე „გურიანთული გულანი“. ბეჟან ნაკაშიძე 1717 წლამდე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე იყო გიორგი ნაკაშიძე, გურიელის მეღვინეთუხუცესი.

მამია III-ის სიცოცხლის ბოლო წლებში მას დაუწყო ურჩობა შვილმა, ლევან გურიელმა. ნაკაშიძეები ჩაერთნენ ამ დავაში და ლევან ბატონიშვილის მხარე დაიჭირეს. მაკვანეთელი ნაკაშიძეები კი დარჩნენ მამია III-ის ერთგულნი. ამის გამო გიორგი ნაკაშიძე თავს დაესხა და ააოხრა მაკვანეთელი ნაკაშიძეები. ნაკაშიძეების შიდა მტრობით სარგებლობდნენ მათი აზნაური მამულაიშვილები და ყმებს და დოვლათს სტაცებდნენ ნაკაშიძეებს. გიორგი ნაკაშიძე ეურჩებოდა გიორგი IV გურიელსაც. მას ზურგს უმაგრებდა სიმამრი ბეჟან I დადიანი. გიორგი ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო გიორგი IV-ის ტახტიდან ჩამოგდებაში 1717 წელს, მაგრამ გიორგიმ IV-მ იმავე წელს მოახერხა ხელისუფლების დაბრუნება და გიორგი ნაკაშიძეს წაართვა ცოლი, სამფლობელო, და გურიიდან განდევნა. გიორგი ნაკაშიძე ჯერ თავს აფარებდა სვანეთსა და ლეჩხუმს, 1721 წელს გურიელს შეურიგდა და ცოლად ერისთავის ასული ზილიხან შეირთო. ნაკაშიძე მაინც აგრძელებდა მთავრის ურჩობას და 1728 წელს მამია IV გურიელის გვერდის ავლით პირდაპირი კავშირი დაამყარა ნევშეჰირლი დამატი იბრაჰიმ-ფაშასთან, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. ნაკაშიძემ აღიარა ოსმალეთის იმპერიის ვასალობა და დადო მისი ერთგულების პირობა.

ნაკაშიძეები XVIII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1771 წელს იმერეთის სამეფოს გძლიერებამ ნაკაშიძეები აიძულეა, შეეცვალათ პოზიცია და მათ სხვა ფეოდალებთან ერთად სოლომონ I-ს შეჰფიცეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში ლანჩხუთში ნაკაშიძეებს მამულები წაართვა მამია IV გურიელმა, მაგრამ გიორგი V გურიელმა ეს მამულები ნაკაშიძეებს დაუბრუნა. ამავე საუკუნეში დვაბზუელმა მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძეების სახლიკაცი საყვარელი და მამულები ნაკაშიძეებს უანდერძა. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.

XVIII საუკუნის ბოლოს ნაკაშიძეები მონაწილეობდნენ გურიელების ბრძოლაში ტახტისთვის. ნაკაშიძეები ემოყვრებოდნენ ქაიხოსრო IV გურიელს, რომელსაც ცოლად ჰყავდა მაკიჯასპ ნაკაშიძე. მას შემდეგ, რაც ქაიხოსრომ ცოლი მიატოვა და ერისთავის ქალი შეირთო, შეურაცხყოფილი ნაკაშიძეები ვახტანგ III გურიელს მიემხრნენ. ამის შემდეგ ნაკაშიძეები ვახტანგ III-ის კვალდაკვალ ცდილობდნენ რუსეთის იმპერიის მფარველობის მოპოვებას და ინარჩუნებდნენ რუსეთის ერთგულებას. 1808 წლის საბუთში იხსენიებიან გიტული, თანდარუხ და მამუკა ნაკაშიძეები. XIX საუკუნის დასაწყისში როსტომ ნაკაშიძე იყო ქალაქთუხუცესი.

ნაკაშიძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მამია V გურიელთან. მამია V-მ 1804 წელს ლაზარე ნაკაშიძის კუთვნილი მამულები ასკანს, ხარაულს, ოქროსქედსა და ვაკიჯვარში გადასცა ალექსანდრე და დავით მაჭუტაძეებს. ნაკაშიძეები და მაჭუტაძეები ისედაც მტრობდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტმა მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. იგივე მამია V-მ 1907 წელს იგივე ლაზარე ნაკაშიძე ოზურგეთის მოურავად დანიშნა. 1812 წელს კი ედავებოდა გოგორეთის, ზედუბნის და გურიანთის მიდამოების გამო. ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერიამ ნაკაშიძეების ინტერესები დაიცვა და გურიელს ამ მიწების წართმევის საშუალება არ მისცა. საქმე მომრიგებელ სასამართლოს გადაეცა, რომელმაც ნაკაშიძეებს მამულები შეუნარჩუნა. 1817 წელს მამია V გურიელმა რუსეთის ჯარის დახმარებით ციხე დაუნგრია ნაკაშიძეებს და შეძლო მათი საბოლოოდ დამორჩილება. კაცო, ბეჟან და სხვა ნაკაშიძეებმა ფიცი დადეს მთავრის მორჩილებაზე. გურიელმა დამორჩილებულ ვასალებს ყმები დაუბრუნა, ხოლო როსტომ ნაკაშიძე ოზურგეთის მოურავად დანიშნა.

1818-1819 წლებში ნაკაშიძეები ფარულად ცდილობდნენ ოსმალეთის იმპერიასთან კავშირის დამყარებას. 1826 წელს მამია V-ის გარდაცვალების შემდეგ ნაკაშიძეებმა ერთგულება შეჰფიცეს სოფიოს და მის შვილს, დავითს, თუმცა მალევე დაარღვიეს ფიცი. ამ პერიოდში ნაკაშიძეების საგვარეულოს ხელმძღვანელი იყო მდივანბეგი გიორგი ნაკაშიძე, ივანე ნაკაშიძეს ეჭირა მეღვინეთუხუცესის სახელო. 1827 წლიდან გიორგი ნაკაშიძე იყო გურიის სამთავროს სამმართველო საბჭოს წევრი და წევრ იმ დაჯგუფებისა, რომელიც სამთავროს გაუქმებასა და პირდაპირი რუსული მმართველობის შემოღებისთვის იბრძოდა. 1828 წლის ბოლოს ნაკაშიძეები აშკარაად განუდგნენ სოფიოს, ხოლო მისი ოსმალეთში გაქცევის შემდეგ რუსეთმა გურიის მართვა გიორგი ნაკაშიძეს ჩააბარა, როგორც ყველაზე სანდო ფეოდალს. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან.

ნაკაშიძეები რუსეთის იმპერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეების ბოლოს ნაკაშიძეების რეზიდენცია იყო სოფელი ზედუბანი. ამ სოფელში შემორჩენილია ნაკაშიძის გამოქვაბული, რომელსაც თავადი მიხეილ ნაკაშიძე ღვინის მარნად იყენებდა. 1885-1892 წლებში ალექსანდრე ნაკაშიძე ცდილობდა ნატანებში ნავთობის მოპოვებას.[3] ნაკაშიძეები იყვნენ საქართველოში ჩაის გაშენების ერთ-ერთი პიონერები. მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ზედუბანში გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა და უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе". მის ბიძაშვილ ერმილე ნაკაშიძეს ჩაი გაშენებული ჰქონდა მაკვანეთში გააშენა და შინაური ხერხებით ამზადებდა ჩაი „ერმილიტას“. ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობდა ასევე გურიაში პირველ სრულყოფილ ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკას ოზურგეთში, ზვანში, 1914 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „ალიონი“ N43, გვ. 4 — 2014 წ.
  2. ბაქრაძე, დ. (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: საბჭოთა აჭარა, გვ. 272. 
  3. გაზეთი „ივერია“ N232 გვ. 2 1892 წ.