მთისპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მთისპირი

სოფლის ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მთისპირი
კოორდინატები 41°56′19″ ჩ. გ. 42°09′23″ ა. გ. / 41.93861° ჩ. გ. 42.15639° ა. გ. / 41.93861; 42.15639
ადრეული სახელები ციხისუბანი
ცენტრის სიმაღლე 300
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 238[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მთისპირი — საქართველო
მთისპირი
მთისპირი — გურიის მხარე
მთისპირი

მთისპირისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ. ოზურგეთიდან 16 კმ-ზე. სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] საბავშვო ბაღი, საექიმო პუნქტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთისპირის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იწყება მესხეთის ქედის განშტოებები. სახელწოდება სოფელს გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა. სოფელ მთისპირის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. ის მოიცავს სხვადასხვა დახრილობის მქონე ფერდობებს, შლეიფებს, წყალგამყოფებს, გორაკბორცვებსა და ძლიერ დახრილ გორებს. ტერიტორია აგებულია თიხა-ფილაქნებისაგან, მეგელებისა და ქვა-ქვიშების ნაფენებისაგან. ნიადაგებიდან აქ ვხვდებით წითელმიწების, ყვითელმიწების, ნეშომპალა-კარბონატული და ალვანური ტიპის ნიადაგებს თავისი სახესხვაობით. მცენარეული საფარი ძირითადად კოლხური ტიპისაა. კლიმატური პირობების მიხედვით მთისპირი მიეკუთვნება შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონას, ნოტიო და თბილი ზამთრითა და ზომიერი ცხელი ზაფხულით. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 18-25 °C-ია. ზამთარში თოვლის საფარი 20-40 სმ-მდეა. ნალექიანობის სიუხვით გამოირჩევა შემოდგომა - ზამთარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთისპირი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დადასტურებულია ჯერ კიდევ 2000-3000 წლის წინათ აქ დასახლების არსებობა. მთისპირი ახლომდებარე სოფლებთან ერთად ასკანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა, სწორედ ამიტომ სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ციხესა და თიხის საბადოს ასკანის სახელი აქვს. მთისპირზე გადიოდა გურიისა და ზემო აჭარის დამაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი გზა. ამ გზით სარგებლობდნენ ტყვეთა სყიდვის დროსაც. 1819 წლის 9 აპრილს ამ გზით მთისპირს თავს დაესხა დიდი რაზმი ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეთაურობით. მას შემდეგ, რაც ტყვეებით ვაჭრობა შეწყდა, ამ გზას იყენებდნენ აჭარლები გურიაში საქონლის, რძის პროდუქტის, ყურძნის ჩასატანად და გასაყიდად.

1874 წლისთვის სოფელში ორი ეკლესია იდგა. ერთი იყო ხის, გუმბათიანი ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობისა სადაც ერთი ძველი ხატი ინახებოდა. 1828 წლისთვის მისი მრევლი შეადგენდა 12 კომლს. მეორე ქვის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის სახელობისა, ინწკირველების საგვარეულო ეკლესია იყო და 1828 წლისთვის მის სამრევლოში 63 კომლი შედიოდა. 1929 წელს ხელისუფლებამ დახურა წმინდა გიორგის ეკლესია, მისი ზარი ციხისუბანში კვიჩილაურის ჩაის პლანტაციაში გადაიტანეს კოლმეურნეების მოსახმობად. ტაძრის მღვდელმა, აკაკი თალაკვაძემ კი ანაფორა გაიხადა და საერო ცხოვრებას შეუდგა. ეკლესიის, აგრეთვე ოქროსქედის ტაძრის ფიცრებით 1930-იანი წლების დასაწყისში აიგო სოფლის ოთხწლიანი სკოლის შენობა.[3]1960-იან წლებში თიხის მოპოვების გამო მოსახლეობის ნაწილი ქ. ოზურგეთში გადაასახლეს.

თიხის საბადო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

60 მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში (კაინოზოური ჯგუფი) წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სოფლის მოსახლეობა თიხას თავის დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. 1916 წელს გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას რამეს წააწყდა. თიხას „ასკანიტი“ უწოდეს, რადგანაც მაშინ მთისპირი ასკანის სასოფლო საზოგადოების შემადგენლობაში შედიოდა. 1932 წელს აღმოჩნდა ასკანის ბენტონიტური თიხის საბადო. საბადო ჰიდროთერმული წარმოშობისაა და მასში მოიპოვება ასკანიტი და ასკანგელი. საბადო შედგება ორი უბნისაგან: ციხისუბნის და ვანისქედის უბნები.

საბჭოთა ხელისუფლება სოფელ მთისპირში არსებული საბადოთი 1943 წლიდან დაინტერესდა. საბადოს დამუშავება დაიწყო 1946 წელს. 1952 წლიდან უკვე საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება. მალე თიხებზე მოთხოვნა გაიზარდა და 1959 წელს ოზურგეთში აშენდა თიხის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ორი სახის პროდუქციას: ბენტონიტი ღვინის მრეწველობისათვის და საყალიბე თიხა. გამოშვებული პროდუქცია მიეწოდებოდა ყოფილი სსრკ–ს ისეთ წამყვან საწარმოებს, როგორებიცაა: ავტოვაზი (ტოლიატი), იაროსლავლის მანქანათმშენებლობის ქარხანა, კამაზის ავტოქარხანა, გორკის ავტოქარხანა, კრაზის ავტოქარხანა და ბელორუსის მანქანათმშენებელი ქარხნები და ასევე იგზავნებოდა საზღვარგარეთ. მას იყენებდნენ სსრკ–ში არსებული ღვინის ქარხნები, ზეთებისა და ცხიმების გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა საწარმოები. ასკანის ბენტონიტი გამოყენებული იქნა ეგვიპტეში, ასუანის კაშხლის მშენებლობაში, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა.

1996 წელს ის შეისყიდა ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ მაინინგ კომპანიმ“. ასკანიტის საბადოს მარაგი თავიდან შეადგენდა 10 მლნ. ტონას, დღეს დარჩენილია 4,800 მლნ. ტონა. საბადოს ამოქმედებამ სოფლის რელიეფში ცვლილებები შეიტანა. საბადოს ამუშავების გამო დაიცალა ყოფილი სოფელი ციხისუბანი. 1982 წელს კარიერის ერთ-ერთ ფრთაზე წარმოიშვა მეწყერი. საბადოს ტერიტორიაზე 1986 წელს აღმოაჩინეს სასარგებლო წიაღისეული - ტრაქტიტები, მაგრამ მისი მოპოვება არ ხდება. 2010 წლიდან წიაღისეულის მოპოვებას აწარმოებს აგრეთვე კომპანია „მთისპირი 2010“.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში ძირითადად გურულები და აჭარლები ცხოვრობენ. მოსახლეობის ნაწილი მართლმადიდებლელი ქრისტიანია, 80-მდე ოჯახი აჭარელი მუსლიმი.[4] სოფლის განაპირას დგას 2009 წელს აშენებული მეჩეთი. მოსახლეობა, ძირითადად, თვითდასაქმებულია და ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული. საბჭოთა ხელისუფლების დროს გავრცელებული კულტურები იყო ჩაი და ტუნგი, ამჟამად კი - სიმინდი, ლობიო და თხილი. ასევე მაღალია სეზონური შრომითი მიგრაცია თურქეთში.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 134
2002 262
2014 238 125 113

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკანის ციხე

სოფელთან ახლოს, ნასოფლარ ციხისუბანში დგას ასკანის ციხე, განვითარებული ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე. ციხე მდებარეობს დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ციხის ადრინდელი ფენები IX საუკუნეს მიეკუთვნება. იგი მოქმედი იყო XIX საუკუნემდე. სამეცნიერო ექსპედიცია ასკანის ციხეზე არასდროს ჩატარებულა.

ინწკირველის ეკლესია

მთისპირში დგას ასევე სავარაუდოდ მეექვსე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ინწკირველების საგვარეულო ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია სხვადასხვა ზომის ქვით არის ნაშენი. აქვს შესასვლელი ორი კარი დასავლეთით და სამხრეთით. ეკლესიის ნანგრევები სუროშია გახვეული. დასავლეთით კედელი გახსნილია.[6] ეკლესია 1874 წელს აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ქვის ეკლესია ძალზე ვიწრო იყო. ეკლესია მთლიანად მოხატული იყო ხარისხიანი, მაგრამ ტლანქი მხატვრობით. შესასვლელთან ეხატა დედა ღვთისა ყრმით, სიღრმეში კი ბერ-მონაზვნის სამოსიანი მამაკაცი და ქალი. მამაკაცი გამოსახული იყო არქიმანდრიტის კვერთხით. ეკლესიას ირგვლივ გასდევდა წარწერა.[7] ტაძარში წირვა-ლოცვა შეწყდა და მას ხის კარი ჩამოხსნეს 1929-1932 წლების შუალედში.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 558, 759, ISBN 978-99940-28-77-1.
  4. გურიაში მუსლიმთა მდგომარეობის მოკლე აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-12. ციტირების თარიღი: 2020-05-25.
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16241
  7. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 173.
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.