ალექსანდრე წუწუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წუწუნავა.
ალექსანდრე წუწუნავა

ალექსანდრე წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, 1930 წელი
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1881
ლიხაური
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1955 (74 წლის)
თბილისი
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
განათლება თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი
პროფესია კინორეჟისორი, სცენარისტი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი — 1934

ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა (დ. 28 იანვარი, 1881, ლიხაური — გ. 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მოღვაწე, საოპერო რეჟისურის და ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1934).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუში, რომელიც არ დაუმთავრებია. ახალგაზრდობაში დგამდა არალეგალურ სპექტაკლებს ოზურგეთში.[1] 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ვ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901-05 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. რეჟისორის პროფესიას იქ კონსტანტინე სტანისლავსკისთან და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს. წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და გვერდიდან იარაღასაც არ იშორებდა. მოსკოვში სხვა ქართველებთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის.

საქართველოში დაბრუნდა როგორც პროფესიონალი დრამატული თეატრის რეჟისორი. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ 1914-16 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სარატოვში, ბაქოს ქართულ თეატრში და სხვა. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს გერმანე გოგიტიძის შეთავაზებით დაიწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ გადაღება, რომელიც შეწყვიტა, რადგან როსტოვის დრამატული თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.[2] 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის ოპერის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად. 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრში ქართულ ენაზე დადგა „დემონი“, „თქმულება შოთა რუსთაველზე“, „აბესალომ და ეთერი“, „კარმენი“. 1919 წელს წუწუნასთან შეუთანხმებლობის გამო დაიშალა ოპერის ქართული დასი. 1919 წელს წუწუნავამ დადგა პირველი ქართული კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“. 1920 წელს ქართულ კლუბში დადგა კომედია „ციმბირელი“. იმავე წელს სახელმწიფო დრამის ტეატრში დადგა ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“.

1923 წელს მოსკოვში გაემგზავრა კინორეჟისურის და კინოტექნიკის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. 1924 წელს მიიწვიეს სახკინმრეწვში რეჟისორად. თანამშრომლობდა დიმიტრი შევარდნაძესთან, რომელიც იყო მისი სამი ფილმის — „ქრისტინე“, „ვინ არის დამნაშავე?“ და „ჯანყი გურიაში“ — მხატვარი. უკანასკნელი ფილმი გადაიღო 1928 წელს. მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა, მათ შორის „ხიდი ენგურზე“, „დავით აღმაშენებელი“, „ქეთო და კოტე“, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

1934 წელს მიიღო საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1947 წლიდან იყო ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი. გარდაიცვალა 1955 წლის 25 ოქტომბერს.

ქალაქ ოზურგეთში დგას წუწუნავას ძეგლი. ასევე, მის სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., გეგია მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 523-524.
  • ცუცქირიძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351-352.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 407, თბილისი, 1994
  • კიკნაძე, ვ. ქართველი რეჟისორები, წ. 1 თბილისი, 1968
  • კასრაძე დ., „ალექსანდრე წუწუნავა“, ხელოვნება, თბილისი, 1957

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლიდია ისმაილ მამულაიშვილის ასული (მიმქრალი) // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 387, ISBN 978-99940-28-84-9.
  2. გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 70, ISBN 978-9941-0-5910-0.